თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება
კონგრესში შეხვედრები გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ს კონგრესში მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კონგრესის ახლად არჩეულ წევრებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს ახლად არჩეულ კონგრესმენებს: მაიქელ გესტს, რას ფიჩერს და სილვია გარსიას შეხვდა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდა.
„პირველ რიგში, გვქონდა შეხვედრები კონგრესში ჩვენს კოლეგებთან, ახლად არჩეულ კონგრესის წევრებთან, რომლებსაც ამ ეტაპამდე მცირე ინფორმაცია ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის შესახებ, მაგრამ ძალიან გვჭირდება, რომ მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იყოს ძლიერი, ისევე როგორც კონგრესის ბევრი სხვა წევრის. ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული – მხარს გვიჭერენ, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები და შესაბამისად, ახლად არჩეული კონგრესმენების, კონგრესის წევრი ქალების მხარდაჭერა ქვეყანას ძალიან სჭირდება. სწორედ ეს შეხვედრები გვეხმარება, რომ ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში დარჩეს ისეთი ძლიერი როგორიც ტრადიციულად იყო. დღეს ჩატარებული შეხვედრები ძალიან პოზიტიურად შემიძლია შევაფასო და შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვისაც ველაპარაკე, ნამდვილად შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ვიზიტის პირველ დღეს, საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს ბროკ ბირმანს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს დენიელ ტვინინგს და ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდნენ.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსთან თანამშრომლობა და ქვეყნის მხარდაჭერა.
„გვქონდა შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან, რომლებიც წლებია, მილიონობით ამერიკულ დოლარს ხარჯავენ საქართველოს განვითარებისთვის და შესაბამისად, მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, გაჟღერდა სურვილი და ამოცანა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა. ასევე, გვქონდა შეხვედრა იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც წლებია საქართველოში მუშაობენ. ეს არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“. ეს ორივე ორგანიზაცია არასამთვარობოა, ისინი სახელმწიფო უწყებებს არ განეკუთვნებიან, თუმცა აქტიურად მუშაობენ ჩვენს ქვეყანასთან და ბუნებრივია, ძალიან კარგად იცოდნენ, რა მოვლენები ვითარდება ქვეყანაში და როგორ მივდივართ წინ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.