თამარ ჩუგოშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საკუთარი ნაბიჯებით მუდმივად თვითდაზიანების მიყენების მცდელობები აქვს, რაც ჩემთვის ამოუხსნელია
თამარ ჩუგოშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საკუთარი ნაბიჯებით მუდმივად თვითდაზიანების მიყენების მცდელობები აქვს, რაც ჩემთვის ამოუხსნელია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საკუთარი ნაბიჯებით მუდმივად თვითდაზიანების მიყენების მცდელობები აქვს, რაც ჩემთვის ამოუხსნელია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„თუ საზოგადოების აზრს ცოტას მაინც მოისმენენ, ეს სასამართლოსთვის ნაკლებად დამაზიანებელი იქნება. ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებებით, ისინი თავსაც იზიანებენ და სასამართლოს რეპუტაციასაც აზიანებენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მზად არის თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, რადგან როგორც პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ გახდა ცნობილი, ხვალ გასაუბრებაზე ისევ ლევან მურუსიძეა დაბარებული, რომლის მიმართაც უფლედამცველებსა და პოლიტიკოსების ნაწილს არა ერთი პრეტენზია აქვთ.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და რამდენიმე არამოსამართლე წევრს შორის მუდმივი დაძაბულობაა, მუდმივად არის პრობლემები საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმებთან დაკავშირებით და არის უამრავი პრეტენზია.

„ნაწილობრივ, ჩვენც, როგორც პარლამენტს, გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ რაღაც კანონები მივიღოთ, რაც საბჭოს საქმიანობას უფრო განჭვრეტადს გახდის და უფრო მკაფიოდ დაარეგულირებს, მაგრამ ვფიქრობ, თვითონ საბჭოსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს საბჭოს შიგნით კონსოლიდაციის და ერთიანობის ჩამოყალიბებას, რადგან საბჭოს შიგნით ეს მუდმივი დაძაბულობა სასამართლოს რეპუტაციისთვის ძალიან დამაზიანებელია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.