თამარ ჩუგოშვილი - იმპიჩმენტის პროცესმა სტატუსის მიღების შესაძლებლობა თუ დაგვაკარგვინა, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, პასუხისმგებლობას გაიზიარებს სასამართლოც
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა თავისი ქმედებით ხელი შეუშალა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, პირიქით, მას უწყობენ იმპიჩმენტს იმის გამო, რომ აკეთებდა ყველაფერს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა ქვეყანას დახმარებოდა სტატუსის მიღებაში, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო და ვერ გააბათილა პარლამენტმა სასამართლოს სხდომებზე.
„საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პოროცედურას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის სამი შეხვედრა – 31 აგვისტოს შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან, პირველი სექტემბერის შესხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 6 სექტემბერის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან. თავიდან უმრავლესობის წევრები ამტკიცებდნენ, თითქოს შეხვედრებზე გაჟღერდა რაღაც ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას და სტატუსის მინიჭების საკითხს. სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების საკითხს. პირიქით, თავად დასკვნასაც თუ გადავხედავთ, ცდილობს სასამართლო თავიდან აირიდოს ეს საკითხი, რადგან მკაფიოდ არის დადასტურებული, რომ პრეზიდენტის ყველა ქმედება შეეხებოდა და ამ შეხვედრების შინაარსიც იყო ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნა მხარდაჭერისა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ, როგორც ამბობენ, პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენონ თანამდებობიდან იმის გამო, რომ იგი ევროპელ ლიდერებს სთხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ძალიან ვცადეთ და გვინდოდა, საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო, არ გამხდარიყო პოლიტიკური მხარე, სამართლებრივი კუთხით ემსჯელა სხვადასხვა საკითხზე. სხვათაშორის, დღესაც სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი არ გამოცხადდა განხილვებზე. არ გამოცხადდა კი არა, პრეზიდენტი წარმოდგენილი იყო წარმომადგენლების, ჩვენ მიერ ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლო განხილვა ყოფილიყო სამართლებრივი განხილვის და არა პოლიტიკური ჭიდაობის, თუ კინკლაობის სივრცე. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი იქ ყოფნა. სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო. როცა ვკითხულობთ დასკვნას, მიმყარდება ეს სამწუხარო განცდა, რომელიც გამიჩნდა განხილვების დროს. პირველი წუთიდან, როგორც კი სხდომა დაიწყო, სრულიად გასაგები გახდა, სად იდგნენ მოსამართლეების უმრავლესობა. დიდი მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. განსხვავებული აზრების არსებობა ამ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა არ არის ერთსულოვანი სასამართლოს მხრიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის შეფასებით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სერიოზულად დამაზიანებელია საქართველოს დასავლური კურსისთვის.
„ახლა ალბათ სამართლებრივ მსჯელობას არანაირი აზრი არ აქვს, საკითხი უკვე გადავიდა პოლიტიკურ ველზე, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სამართლებრივი ნაწილი არის დასრულებული, თუ შეიძლება, ერქვას, რომ ამ საქმეს საერთოდ სამართლებრივი ჰქონდა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, საერთოდ ამ საქმის სასამართლომდე მიტანა, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება, უკვე ძალიან დიდი დოზით, სერიოზულად დამაზიანებელია საქართველოს დასავლური კურსისთვის, ევროინტეგრაციის პროცესისთვის, უკიდურესად დამაზიანებელია სტატუსის მინიჭების შანსებისთვის. ეს არის სამწუხარო რეალობა. როგორ დასრულდება პარლამენტში, ეს გამოჩნდება, მაგრამ თუ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ, წამოწყებამ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანამ და ასე შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვხია უკან, უახლოეს თვეებში სტატუსის მიღების შესაძლებლობა დაგვაკარგვინა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ამ შედეგზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოც. ის ამას ვერ გაექცევა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.