თამარ ჩუგოშვილი - გამოძიების შედეგებს ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებზე მეტად ნამდვილად ველოდები
თამარ ჩუგოშვილი - გამოძიების შედეგებს ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებზე მეტად ნამდვილად ველოდები

გამოძიების შედეგებს ტელეკომპანია „იბერიის“ და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებზე მეტად ნამდვილად ველოდები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყველაზე მეტად შედეგების დადება ჩვენ გვეჩქარება, რადგან ჩვენ გარდა ჩირქი არავის ეცხება. გვაქვს განცდა, რომ შეიძლება, ეს ყველაფერი ცოტა უსამართლო იყოს, შესაძლოა, სკანდალურიც. ეს არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ამიტომ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, სანამ კომპეტენტური ორგანოები არ იტყვიან“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ჯერ რაც ვიცით და ყველამ ერთად მოვისმინეთ, რამდენიმე ადამიანის სატელეფონო საუბარია და კარგად არის გასარკვევი, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რადგან შესაძლოა, სხვადასხვა სცენარები იყოს.

„გამოძიების ნაცვლად ამას ვერავინ დაადგენს. ჩვენ ხშირად ვყოფილვართ ისეთ მდგომარეობაში, როცა ლაფს ისვრიან და მერე რაღაცები სხვანაირად ირკვევა ხოლმე. ეს ბევრჯერ გაგვივლია და ბევრჯერ გამოგვიცდია. სამწუხაროდ, მერე რომ გაირკვევა, ჩაიკარგება ხოლმე და საზოგადოებას ძალიან მძიმე განცდები რჩება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მას პროკურატურასთან კომუნიკაცია ჰქონდა, ზუსტად იცის, რომ ყველა ჩანაწერს ექსპერტიზა უტარდება და ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, ვისი დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთება, ვინც არ უნდა იყოს და რომელ მხარესაც არ უნდა იყოს, შესაბამისი პირის პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. თუ ეს ფუჭი ბრალდებებია, პასუხი ფუჭ ბრალდებებს უნდა გაეცეს, ხოლო თუ იქ რაღაც რეალური პრობლემაა, მაშინ კანონდარღვევისთვის ნებისმიერმა პირმა უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა დრო სჭირდება სახელმწიფოს იმის გასარკვევად, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები და გავიგებთ თუ არა პასუხს არჩევნებამდე, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის გამოძიებისთვის ადეკვატური დროა საჭირო იმ პირობებში, როცა ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელები ჩანაწერებს, თუ რაღაც მტკიცებულებებს ნაწილ-ნაწილ, პორცია-პორცია ავრცელებენ.

„გამოძიების ნაცვლად საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ამ ყველაფერს ნათელი უახლოეს კვირებში, თუ თვეებში უნდა მოეფინოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამის უფლება არ აქვს, მაგრამ გამოძიებას თავადაც აჩქარებს, რადგან არ შეიძლება, ამ საქმემ დროში გაწელვის განცდა დატოვოს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ის პარტია „ქართული ოცნების“ სამდივნოს წევრია, რომელშიც სულ ხუთი ადამიანია, ირაკლი კობახიძე აღმასრულებელი მდივანია და ყველაფერი, რაც პარტიის ფინანსებთან არის დაკავშირებული, მათთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი, შავ ფულზე არასდროს სმენიათ და შეხება არ ჰქონიათ ისეთ რაღაცებთან, რაც ჩანაწერში ისმის.