თამარ ჩუგოშვილი - გამოძიების შედეგები დროულად უნდა იყოს, რადგან სპეკულაციები აზიანებს ბანკს, სტრატეგიულ პროექტსა და პროცესების აღქმას ქვეყანაში
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს გამოძიება, რომელიც ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარეობს და ანაკლიის პორტის პროექტი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ორ სხვადასხვა საკითხია.
„ვფიქრობ, გასამიჯნია გამოძიება, რაც წამოიწყო პროკურატურამ და ეროვნულმა ბანკის მხრიდანაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებით, მეორე – ანაკლიის პორტი. სრულიად სხვადასხვა საკითხია. ამ პორტის მშენებლობა სახელმწიფოს პრიორიტეტია და ყველანაირად ხელს უწყობდა. უზარმაზარი თანხებია სახელმწიფოს მხრიდან გაღებული პორტის მშენებლობისთვის. სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს, ხელი შეუწყოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება გამოძიებას, პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, სპეკუალციების თავიდან ასაცილებლად საქმეს დროულად უნდა მოეფინოს ნათელი.
„რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, ამ დეტალებში ჩასვლა რთულია, რადგან გამოცდილება და საქმის მასალებია საჭირო. სჯობს, დროულად მოეფინოს ნათელი, მათ შორის პროკურატურის მხრიდან. გამოძიების შედეგები დროულად უნდა დაიდოს, რათა სპეკულაციები დასრულდეს. ეს აზიანებს ბანკს, სტრატეგიულ პროექტს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და ქვეყანაში პროცესების აღქმას“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მისი თქმით, ჯერ რთულია თქმა, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარდაჭერა ექნება თუ არა.
„როდესაც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიების შექმნა კარგი პრაქტიკა არ არის. ამას არ მივესალმები ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტული საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამაზე უმრავლესობაში მსჯელობა გვექნება და გადაწყვეტილებამდე ერთიანად მივალთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ეს საკითხი ჯერ უმრავლესობის შიგნით არ განხილულა.
„დარწმუნებული ვარ, მომავალ კვირას ამაზე შევიკრიბებით. არგუმენტებს მოვისმენთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. პირადად მე, ამ წუთას ჩამოყალიბებული არ ვარ“, – განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.