თამარ ჩუგოშვილი -  ეს არჩევნები ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რომ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა პრობლემურია
თამარ ჩუგოშვილი -  ეს არჩევნები ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რომ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა პრობლემურია

ჩვენ ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდში, ბევრი ფორმის ფარიკაობა იღებს უსახურ ფორმებს და ვფიქრობ, სოციოლოგიური კვლევებიც ის კატეგორიაა, რომელმაც ამომრჩევლებში ძალიან ბევრჯერ, სრულიად არასწორი განცდები, არასწორი მოლოდინები გააჩინა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ჩვენ სხვადასხვანაირი კვლევები გვინახავს, მათ შორის – ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლებიც არჩევნების შედეგებს რადიკალურად იყო აცდენილი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა Edison Research-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ კვლევებიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელსაც მმართველი გუნდი იყენებს და, რომელიც არჩევნების შედეგებთან ძალიან ახლოს არის ხოლმე, აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ეს არჩევნები ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რომ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა პრობლემურია.

„რადგან 2024 წლამდე ექვსი წლით ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც ბოლო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია, ჩვენი სურვილი იყო, ეს არჩევნები მაქსიმალურად ცივილურად ყოფილიყო წარმართული, მაგრამ ამის სანაცვლოდ ყველაზე ბინძური კამპანია მივიღეთ, რაც ბოლო პერიოდში მახსენდება. ვგულისხმობ შავი პიარის ნიაღვარს, რომელიც ვიდეოკლიპებით მოედინება, ძალიან აგრესიულ „ფეისბუქ“ თავდასხმებს და სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ საარჩევნო შეხვედრებზე ძალიან აგრესიული ადამიანების მობილიზებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გადაწყვიტა თუ არა მმართველმა გუნდმა, პროპაგანდას (თუ ეს პროპაგანდაა) იგივე მეთოდებით ებრძოლოს, რადგან ბოლო სამი დღეა, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ანტიკამპანია, როცა ანტიგმირის როლში გრიგოლ ვაშაძეა წარმოდგენილი, მანამდე კი კამპანია მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ამოცანა შავი კამპანიის წაყვანა არ არის და მათი სურვილია, კამპანია ცივილურ რეჟიმში გადავიდეს, როგორც თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი.

„არ გამოვრიცხავ, მას შემდეგ, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში უყურებდნენ, ადამიანებს ასეთი სურვილი გაუჩნდეთ. ვერ გეტყვით, რომ ჩვენი მხარდამჭერი ასეთ რაღაცას არ აზიარებს, მაგრამ ჩვენი ამოცანა შავი კამპანიის წაყვანა არ არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.