თამარ ჩუგოშვილი - ეს არჩევნები პრობლემებზე თვალის ახელა იყო, ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მოსახლეობას დავანახოთ, რომ პრობლემების მოგვარებაზე მართლა ვმუშაობთ
ექვსი, რვა და ათი წლის შემდეგ, ხელისუფლებას განსაკუთრებული სიმყარე შესაძლოა, მხოლოდ დიქტატურაში ჰქონდეს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„როდესაც ქვეყანა დემოკრატიულია და არსებობს თავისუფალი მედია, იქ, ბუნებრივია, რაღაც წლების შემდეგ, ყოველთვის გროვდება ძალიან ბევრი საკითხი, რაზეც გულისწყრომა, თუ უკმაყოფილება იზრდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, არის ძალიან ბევრი რამ, რამაც ხელისუფლების მიმართ ნდობის შემცირება გამოიწვია და, რაც მმართველმა გუნდმა უნდა გაიაზროს.
„არის რამდენიმე თემა, რამაც მოსახლეობის ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია – სოციალური ფონი და ღარიბი ეკონომიკა, რომელშიც ვართ, მაშინ, როცა მოსახლეობა ბევრად უფრო სწრაფ ტემპებს ელოდება; ადამიანები, განსაკუთრებით, ადგილობრივი თვთმმართველობის დონეზე ბევრად უფრო ეფექტურ მუშაობას ელოდებიან, იქნება ეს ელემენტარული ინფრასტრუქტურის აგება, როგორიცაა წყალი, კანალიზაცია, თუ გზები და ა.შ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ხელისუფლებამ მათთან აქტიური შეხება დაკარგა.
„რაღაც ეტაპზე ადამიანებმა ჩათვალეს, რომ შესაძლოა, ჩვენ მათი კარგად არ გვესმოდა. ალბათ, ეს უნდა მივიღოთ და ყველამ კარგად გავიაზროთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ადამიანებს ასევე ჰქონდათ განცდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იმ ხარისხში არაა, როგორშიც უნდა იყოს და კანონის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა თანაბრად არ არის.
„არის რაღაცები, რომლის მოგვარებაც ძალიან სწრაფად შეიძლება, მაგრამ არის რაღაცები, რასაც დიდი დრო დასჭირდება. მაგალითად, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება ერთ დღეში, ერთ წელიწადში და შესაძლოა, ვერც ათ წელიწადში ვერ მოგვარდეს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება, თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს უნდა დაანახოს, რომ ის ამ ყველაფერს ხედავს, ესმის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მოსახლეობაში სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული უკმაყოფილება აღარ იყოს.
„ეს არჩევნებიც პრობლემებზე თვალის ახელა იყო და ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მოსახლეობას დავანახოთ, რომ ჩვენ პრობლემების მოგვარებაზე მართლა ვმუშაობთ და ვზრუნავთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.