თამარ ჩუგოშვილი - ეკა ბესელია ფიქრობდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატები იუსტიციის საბჭოს კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა, რასაც არ ვიზიარებდი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეკა ბესელიას გუშინდელ განცხადებას, რომ მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან მის შეხვედრას თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.
„ცალკე საკითხია მოსამართლეების დანიშვნის თემა. ჯერ კიდევ დეკემბერში და მას მერეც უამრავ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ეს თემები განიხილებოდა. ამ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი პოზიცია იყო უცვლელი. ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი მრავალი კოლეგისთვის, მიუღებელი იყო მოსამართლეების ისე დანიშვნა, როგორც ეს საბჭომ დეკემბერში მოინდომა. უმრავლესობის არაერთი წევრი იყო დეკემბერში წარმოდგენილი სიის კენჭისყრაზე გატანის წინააღმდეგი (ამას ათეულობით მოწმე ჰყავს, ყველა მათგანს შეუძლია დაადასტუროს) და ის, რომ სია ჩავარდა, ამ ერთიანი პოზიციის დამსახურებაა და არა რომელიღაც ერთი ადამიანის“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.
მისივე ინფორმაციით, ეკა ბესელია ფიქრობდა, რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო.
„ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა, რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არ არის. თუ საჭიროდ ჩათვლიან, თავად ისაუბრებენ. ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი ცხრა წლის შვილის წინაშე. ის, რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს. კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ ღია განხილვისას მათ შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით.
ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე, მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანღვა-გინებითაა დაკავებული, ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილი.