თამარ ჩუგოშვილი - დღეიდან საქართველოს პარლამენტი უნდა გახდეს სხვანაირი, უნდა იმუშაოს სხვანაირად, ვიდრე ამას აკეთებდა ოდესმე
დღეიდან ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა გახდეს სხვანაირი, უნდა იმუშაოს სხვანაირად, ვიდრე ამას აკეთებდა ოდესმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, 10 წლის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი იყო და კომიტეტის სხდომებს ესწრებოდა, მაშინ პარლამენტს ნოტარიული ფუნქცია ჰქონდა.
„ჩემი პირველი შეხება საქართველოს პარლამენტთან იყო 10 წლის წინ. 10 წლის წინ ვიყავი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი და მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი კომიტეტის სხდომებს. ამ დროს ჩემი თვალით პირველად ვნახე, როგორ მუშაობდა პარლამენტი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც კი ოდესმე მქონია. ჩემთვის, ახალგაზრდა იურისტისთვის მაშინ პარლამენტი აღმოჩნდა სრული სიცარიელე, სრული ნოტარიული ფუნქციის მატარებელი. პარლამენტში არანაირი პროცესი არ მიდიოდა. ეს იყო ადგილი, სადაც სრულიად ცარიელ დარბაზში არანაირი განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიცია, კითხვა არ ისმოდა. რომელ ზედამხედველობაზე იყო საერთოდ საუბარი, რომელ მინისტრის დაბარებაზე, ამაზე საერთოდ ფიქრიც არ მიდიოდა. სურვილი მქონდა, რომ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს ვინმეს კითხვა დაესვა. ძალიან ბევრი კომიტეტის სხდომაზე არ იყო არც ერთი ადამიანი, ვისაც კითხვის დასმის სურვილი გაუჩნდებოდა. როგორც წესი ვიყავი ხოლმე მარტო მე, ახალგაზრდა გოგონა არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელსაც შეიძლებოდა კითხვა გასჩენოდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ორი წლის წინ, როდესაც მეცხრე მოწვევის პარლამენტი შეუდგა მუშაობას, ისმებოდა კითხვები, რა იქნებოდა მთავარი ამოცანა, პასუხი იყო – პარლამენტი უნდა იყოს სხვანაირი, ძლიერი და ისეთი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყნას შეეფერება.
„დღეს არის პირველი კვირა, პირველი დღე, როდესაც ახალი კანონდებლობით შევუდექით მუშაობას. ჩვენ ორ უმნიშვნელოვანეს დარგზე პასუხისმგებელი მინისტრები გვეყოლება, რათა ვესაუბროთ, დავუსვათ მწვავე კითხვები, დავრწმუნდეთ იმაში, რომ სწორად მიდის თუ არა შესაბამისი მიმართულების საქმიანობა. თუ არ მიდის, თუნდაც გავაკრიტიკოთ, თუნდაც შევაქოთ. მთავარია, ისინი იყვნენ ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და საქართველოს პარლამენტის წინაშე. დღეიდან ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა გახდეს სხვანაირი, უნდა იმუშაოს სხვანაირად, ვიდრე ამას აკეთებდა ოდესმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი, როგორც საია-ს საპარლამენტო მდივანი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის ყველა წევრის პასუხისმგებლობაა, რომ ახალი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.
„სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა გააჩინა შესაძლებლობები და ის ფუნქცია მისცა პარლამენტს, რომელიც მანამდე არ ჰქონდა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ დარჩენილი ორ წლის განმავლობაში ეს ფუნქცია განვახორციელოთ ისე, რომ საზოგადოებამ დაინახოს და დარწმუნდეს, რომ პარლამენტი ზრუნავს იმ თემებზე, რაც მათ აწუხებთ. ამისთვის ყველა შესაძლებლობა გვაქვს და ყველა ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის ნაწილია, რომ შესაძლებლობა გამოვიყენოთ საქმიანად, ნაკლები სცენებისთვის, მეტი საქმიანი საუბრისთვის და იმედი მაქვს, რომ მიდგომა ასეთი იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.