თამარ ჩუგოშვილი - დარწმუნებული ვარ, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ეს ვაშინგტინში ტიპიური ვიზიტი არ არის, არამედ, ეს არის ე.წ როუჩოუ, ანუ ეს სხვადასხვა შტატებში ვიზიტები და ამერიკელ ინვესტორებთან შეხვედრები, კომპანიებთან, რომლებსაც პოტენციურად საქართველოში თანხის ჩადებისა და ინვესტიციების განხორციელების ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ.
„დღემდე გამართული შეხვედრების უდიდესი ნაწილის მიზანი იყო, რომ საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა თუ საინვესტიციო კლიმატი და ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალი როგორია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ამერიკული კომპანია გვჭირდება, რათა ეკონომიკასაც ხელი შეეწყოს და უსაფრთხოებაც დაცული იყოს. რაც შეეხება პომპეოსთან შეხვედრას, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირია. რაც შეეხება კონკრეტულად შეხვედრაზე განხილულ საკითხებს ალბათ, ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება, რაც პრემიერი და მთავრობა შეხვედრების შემაჯამებელ პირველ განცხადებას თავად გააკეთებენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერს და ყოველთვის ჩვენს გვერდითაა. ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.