თამარ ჩუგოშვილი - ბევრი რამ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებშია მოცემული, უკვე არის პასუხგაცემული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბევრი რამ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებშია მოცემული, უკვე არის პასუხგაცემული.
მისივე თქმით, საკომიტეტო განხილვამდე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციებს კიდევ ერთხელ გაივლიან.
„პარლამენტის საქმიანობის გადახედვის, განსაკუთრებით საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების თემებზე ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. დაინიცირებული გვაქვს რეგლამენტის ახალი პროექტი, რომელიც ემსახურება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას. პროექტის მზადების პერიოდში გავიარეთ კონსულტაციები ყველა ორგანიზაციასთან, მათ შორის მათთან, რომლებსაც საპარლამენტო საქმიანობის ინტერესი გააჩნიათ. ძალიან შრომატევადი სამუშაო პროცესი იყო. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ, რაც რეკომენდაციებშია მოცემული, არის პასუხგაცემული და ვფიქრობ, რომ გვარდება. რაც შეეხება კონკრეტულად უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობას, ეს არის სპციფიური სფერო, რადგან დაკავშირებულია საიდუმლო ინფორმაციასთან და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან. რეგლამენტში ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს ცვლილებები, თუმცა ვიდრე საკომიტეტო განხილვებს დავიწყებთ, კიდევ ერთხელ გავივლით კონსულტაციებს ყველა ორგანიზაციასთან და უცხოელ პარტნიორებთან“, -განაცხადა ჩუგოშვილმა.
კვლევა, რომელიც უსაფრთხოების სფეროში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას გულისხმობს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) ჩაატარეს. მესამე სექტორის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში მითითებულია, რომ უსაფრთხოების სამსახური ჭარბ უფლებამოსილებას ფლობს და არ არსებობს მასზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება.