თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი აქტია
აშშ-ის კონგრესში მომზადებული რეზოლუცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი აქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუციის მომზადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერ აქტში თავმოყრილია ყველა საკითხი, რაც საქართველოს უკავშირდება, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და სხვა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს მხარდამჭერ აქტს მხარს დაუჭერს წარმომადგენელთა პალატა და სენატი, ეს ხდება ოფიციალური სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, რაც გარკვეულ ვალდებულებებს აჩენს და შესაბამისად, ჩვენს მიმართ ამერიკის პოლიტიკა გადადის აბსოლუტურად სხვა რანგში. კიდევ უფრო მეტი მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობისთვის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით და სხვა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს საუბარი შეეხო მისი აშშ-ში ვიზიტის დროსაც.
„ბოლო ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც კონგრესმენებს ველაპარაკებოდით, ვთხოვდით ამ აქტის მხარდაჭერას. გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა და იმედია, ახლო მომავალში ჯერ ქვედა პალატაში ეყრება კენჭი და მოგვიანებით, სენატში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია მომზადდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას. „ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (client state) – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.