თამარ ჩუგოშვილი - არც ერთ სამომავლო გეგმაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია
თამარ ჩუგოშვილი - არც ერთ სამომავლო გეგმაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დამატებითი დრო და კონსულტაციები სჭირდებათ.

მისი თქმით, საპარლამენტო თანამდებობისა და უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მარტივი არ იყო.

„გადაწყვეტილება ნამდვილად ძალიან რთულია. არ უარვყოფ, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. გუშინ საკმარისად ავხსენით, რამ გამოიწვია ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროდ რატომ ჩავთვალეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე და ჩემს კოლეგებს დამატებით გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გესაუბროთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამაზე საუბრისგან ჯერ თავს ვიკავებ, რადგან ჩემს კოლეგებთან მეტი კონსულტაცია მჭირდება. ამას ბევრი დრო არ დასჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, გამორიცხავს თუ არა საპარლამენტო ფრაქციის შექმნას, ჩუგოშვილის თქმით, საბოლოო ნაბიჯებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია. ამიტომ, არ მინდა არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არც თქვენ და არც საზოგადოებას. არ მინდა, ვიჩქარო. გარკვეული დრო გვჭირდება, იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა მოგაწოდოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ამის შემდეგ უმრავლესობის რიგების და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.