თამარ ჩუგოშვილი - არ მგონია, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება ვინმეს ზეწოლით მიიღო, როცა საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს დაჰპირდა
თამარ ჩუგოშვილი - არ მგონია, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება ვინმეს ზეწოლით მიიღო, როცა საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს დაჰპირდა

არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება ვინმეს ზეწოლით მიიღო, როცა საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს დაჰპირდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაშინ რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც, მათ შორის, მეც ვესწრებოდი და ვფიქრობ, ეს იყო სრულიად გაცნობიერებული, საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, სწორად მიღებული გადაწყვეტილება. ზოგი მეკითხება, თავიდანვე ისე ხომ არ იყო გაკეთებული და მაშინვე ხომ არ იყო გადაწყვეტილი, რომ ეს არ შესრულდებოდაო, მაგრამ მე ასე არ მგონია. ვფიქრობ, ეს იყო გადაწყვეტილი, რომ ცვლილება უნდა მომხდარიყო; ეს დაიგეგმა იმ განცდით, რომ 2020 წლის არჩევნები ზუსტად ასე ჩატარდებოდა. ამისთვის მიდიოდა მზადება და ახალ რეალობასთან შეგუება, მაგრამ გზაში რა მოხდა და რა შეიცვალა, ამაზე ლაპარაკი უკვე მიჭირს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როცა ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს დაჰპირდა, მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო თუ დასავლელი პარტნიორების ზეწოლით.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი თავისუფალ კენჭისყრაზე გაეტანათ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მოთხოვნა მაჟორიტარებისგან მოდიოდა.

„თავისუფალი კენჭისყრა რომ გაჟღერდა, უკვე გასაგები იყო, რომ რისკები ძალიან სერიოზულად გაიზარდა. მით უმეტეს, იმ პირობებში, თუ ეს უბრალოდ თავისუფალი კი არ იყო, არამედ წახალისებულიც თუ იყო. მერე, რა თქმა უნდა, უკვე პარტიის თავმჯდომარემ, აღმასრულებელმა მდივანმა, გენერალურმა მდივანმა და ა.შ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო თავისუფალი კენჭისყრა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, გუნდში წინააღმდეგობა ბუნებრივადაც რომ ყოფილიყო წამოსული, სწორი მუშაობის შედეგად ეს გადაწყვეტილება მიღებადი იყო.

„უბრალოდ, ისე განვითარდა პროცესები, რომ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და ეს შედეგი ვის აწყობს, ალბათ იქიდან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, როცა გუნდის გადაწყვეტილებას გაემიჯნა და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მისთვის გადამწყვეტი საერთაშორისო პარტნიორები არ ყოფილან.

„ჩემთვის გადამწყვეტი ის იყო, რომ მე ჩავთვალე, ქვეყნისთვის არასწორი ნაბიჯი გადაიდგა და ეს ჩვენს ქვეყანას შეიყვანდა მძიმე პროცესებში. რა თქმა უნდა, პარტნიორები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან. იმიტომ, რომ ეს ჩემი სამსახურია და ჩემი სამუშაოს ნაწილია. ბევრი რამის ახსნა დამჭირვებია, ამიხსნია და რომ მომენდომებინა, ამასაც როგორმე ავხსნიდი, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ეს ძალიან არასწორი რამ იყო. არ მგონია, რომ დამიჯერებდნენ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ – ამ კენჭისყრის ჩავარდნასთან ერთად, ჩვენი წამოსვლა იყო, რამაც ყველა სერიოზულად მოახედა, რა ხდებოდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.