თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ყველა ვაკანსია ვერ შეივსოს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ყველა ვაკანსია ვერ შეივსოს.
როგორც საქართველოს პირველ არხს თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატთა ნომინირებას მოახდენს. ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, იუსტიციის საბჭოს რა დრო დასჭირდება იმისთვის, რომ გასაუბრების პროცესი დაასრულოს, კენჭისყრა ჩაატაროს და კანდიდატები პარლამენტს წარუდგინოს.
„წინასწარ ვერავის ეცოდინება, რამდენი კანდიდატურა მოაგროვებს საჭირო ხმებს, ანუ, 76 ხმას. შესაძლებელია ხმები კანდიდატთა ნაწილმა მოაგროვოს, ან ყველამ, მაგრამ ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. ჩვენი მიდგომაა, რომ ის მოსამართლეები დავნიშნოთ, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას მოაგროვებენ და ასევე პარლამენტს დაარწმუნებენ იმაში, რომ საუკეთესო კანდიდატურები არიან. არ არის გამორიცხული, ყველა ვაკანსია ვერ შეივსოს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დეპუტატი განმარტავს, რომ პარლამენტის დატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის პროცესი სექტემბერში ან ოქტომბერში დაიწყება.
„ვაკანსია 20 მოსამართლეზეა გამოცხადებული, თუმცა გამორიცხული არ არის, მათი სრულად წარმოდგენა არ მოხდეს. ვერ გეტყვით, რამდენ კანდიდატს წარმოგვიდგენენ. პარლამენტს გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ კანდიდატებზე ინფორმაცია დამოუკიდებლად მოაგროვოს და ამას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გააკეთებს. კომიტეტის მიერ მოსამზადებელი სამუშაოები როგორც კი დასრულდება, პლენარული სხდომა მზად იქნება, კენჭისყრის პროცესი წარმართოს. წინასწარ იმის თქმა გამიჭირდება, ეს ზუსტად როდის მოხდება, რადგან ბევრი საკითხია გადასული საშემოდგომო სესიისთვის. სესია ძალიან დატვირთული იქნება და მოსამართლეების დანიშვნის საკითხის განხილვა სექტემბერში მოხდება თუ ოქტომბერში, ამის თქმა მიჭირს”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.