თამარ ჩუგოშვილი - ამერიკის კონგრესმა რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის
ამერიკის კონგრესმა რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართული დისკუსიისას განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, აშშ-ის კონგრესის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით, სანქციები დაეკისრა იმ ქვეყნებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომლებიც კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. „ეს ქვეყნები ვერ მიიღებენ რაიმე სახის დახმარებას ამერიკის ხელისუფლებისაგან. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი გზავნილებია“.
მისი განცხადებით, რუსეთი სულ უფრო და უფრო აფართოებს ოკუპაცია, გაჰყავს ახალი ეკლიანი მავთულხლართები ქვეყნის შუაგულში და არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
„ჩვენ ამას მცოცავ ოკუპაციას ვეძახით. რუსეთი დროდადრო ახალ ფიზიკურ ბარიერებს აღმართავს ჩვენი ქვეყნის შუაგულში. უამრავი ადამიანი ზარალდება და მათ აყენებს ტკივილს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ, ამ მიწაზე ცხოვრობენ. რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად მოახდინოს ამ ადამიანების იზოლაცია – რუსეთი ხურავს გამშვებ პუნქტებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვის ჩვენთან კავშირის შესაძლებლობაა. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს უამრავი ფუნდამენტური რამ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ ჯანდაცვა და სხვა სასიცოცხლო მომსახურება, საქართველო სთავაზობს ამ ყველაფერს და ასევე, ახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას. ვცდილობთ, დავანახოთ ეს შემრიგებლური მიდგომა, მაგრამ რუსეთი დგება ჩვენს შორის და ზღუდავს ამ კომუნიკაციას, გაჰყავს ახალი ეკლიანი მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის შუაგულში. ამ მიმართულებით, პროგრესი არ არის მიღწეული, მხოლოდ უარყოფითი დინამიკაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იტაცებენ ამ ტერიტორიებიდან ადამიანებს, სასტიკად კლავენ და აწამებენ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.