ყველა საარჩევნო ოლქში, სადაც ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებული განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, ხოლო, სადაც განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდათ, მათი მხრიდან არ წყდებოდა დაპირისპირების მცდელობები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტად 20,00 საათზე, ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები იმართებოდა, საარჩევნო უბნები დაიხურა.
თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქეს, ვინც მივიდა არჩევნებზე, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და პარტიულ აქტივს, საარჩევნო ადმინისტრაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო დამკვირვებლებს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ჩატარებაში.
„ამასთანავე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ოლქში, სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებული განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები. რეალურად, საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, რასაც ყველაზე ცალსახად გამოხატავს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრების მინიმალური რაოდენობა, რომელიც ძირითადად, ტექნიკური ხასიათისაა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ახლა იწყება ხმების დათვლა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.
„დამკვირვებლების საფარქვეშ მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აფერხებდნენ და ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობას, სავარაუდოდ ეცდებიან, ხელი შეუშალონ ხმის დათვლის პროცესს. ამიტომ, საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს გთხოვთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა არც ერთი მოქალაქის, არც ერთი ამომრჩევლის და მხარდამჭერის ხმა არ იყოს დაკარგული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მან მოუწოდა ყველას, ვინც იმყოფება უბანზე და აკვირდება ხმების დათვლის პროცესს, კანონის შესაბამისად მოიქცნენ.
„გვინდა, გავაფრთხილოთ ყველა პირი, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდგომ იმყოფება უბანზე და აკვირდება ხმების დათვლის პროცესს, მოიქცნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი კომისიის მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. ყველას დიდი მადლობა, ამ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, მან მოცემულ ეტაპზე თავი შეიკავა იმაზე საუბრისგან, მოსალოდნელია თუ არა მეორე ტურის დანიშვნა.
„ჯერ ვერ გეტყვით. სპეკულაციური იქნება ჩემი მხრიდან მეორე ტურებზე საუბარი. საერთო ჯამში აქტივობა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, იყო საკმაოდ მაღალი. გარკვეულ ოლქებში იყო შედარებით დაბალი. ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს დაბალ ინფორმირებასთან გარკვეული ოლქების ამომრჩევლების, თუმცა გადაჭრით თქმა რთულია“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.