თამარ ჩუგოშვილი - 11 წელია, რუსეთი ცდილობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოაცხადოს, მაგრამ ამ მცდელობებში მარტო რჩება
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის მოსაზრებით, დროთა განმავლობაში იმის გააზრება უფრო მეტად მოხდება, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთი საკუთარი გავლენის, სრული ოკუპაციისა და ანექსიის გარდა, სხვას არაფერს სთავაზობს.
საქართველოს პირველ არხთან საუბარში თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა 11 წლის წინ, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე და აღნიშნა, რომ 11 წელია, რუსეთს მცდელობა აქვს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოაცხადოს, მაგრამ ამ მცდელობებში მარტო რჩება.
„ამ „აღიარებაში“ არავინ აჰყვა ისეთი ქვეყნების გარდა, როგორიც არის სირია, ვენესუელა და მათ მიერ სრულად კონტროლირებადი რეჟიმები. ეს არის როგორც საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებების აქტიურობის, ასევე ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი „აღიარებაში“ მარტო იყოს და იმ ქვეყნების რიცხვი არ გაიზარდოს, რომლებიც „აღიარებაში“ მიუერთდებიან. პროგრესი იმის გათვალისწინებით გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერა, რომ ვერც ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერ იქნება პარტნიორი და ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს ამერიკისგან. ასევე, ჩვენს პარტნიორებს რამდენიმე მსგავსი მძლავრი პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. როგორიც არიან – ევროკავშირი და ამერიკა. მათი ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და დახმარება ძალიან გვჭირდება, რომ რუსეთისგან მომდინარე წნეხს გავუმკლავდეთ. ამას მარტო ვერ გავუმკლავდებით“, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.
დეპუტატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში აქცენტს ქართული მხარის სამშვიდობო პოლიტიკაზე აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკა მშვიდობიანი და შემრიგებლურია.
„სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ნაბიჯები არის გადადგმული და პროგრამებია განხორციელებული, მათ შორის არის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ეს პროგრამები იმას ემსახურება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს, იმ სერვისებითა და სიკეთეებით ისარგებლოს, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს. ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, რადგან საქართველო ამ კონფლიქტს ვერანაირი ძალისმიერი მეთოდით ვერ მოაგვარებს. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მშვიდობიანი და შემრიგებლური რჩება“, – აცხადებს დეპუტატი.
ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებთან თანამშრომლობით ცდილობს, რომ იმ ქვეყნების სია შემცირდეს, ვისზეც რუსეთმა შეიძლება გავლენა მოახდინოს და იმ ქვეყნების რიგს შეუერთოს, რომლებიც მათი ძალისხმევით თუ ზეწოლით ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას“ აღიარებდნენ.
„აღიარებით“ ჯერ პროგრესი არ ჰქონიათ. 11 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს, რომ რაიმე შედეგი ჰქონოდათ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ასე გაგრძელდება, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა ქვეყნები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოცხადებას მხარს არ აუბამენ. რეალურად, „აღიარებამ“ არაფერი მისცა არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და არც იმ რეჟიმებს, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ არსებობენ. რეალურად, ამ პროცესმა მათ გზა არაფრისკენ გაუხსნა, არც ეკონომიკის და არც მიმოსვლის თვალსაზრისით არანაირი პროგრესი არ ყოფილა, პირიქით, მოსახლეობა, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ერთადერთი გზა არის რუსეთისკენ, მათთვის სხვა გზა არ არსებობს. დროთა განმავლობაში იმის გააზრება უფრო მეტად მოხდება, რომ რეალურად, მათ არაფერს სთავაზობენ, რუსეთის გავლენის, სრული ოკუპაციის, ან ანექსიის ქვეშ მოხვედრის გარდა“, – დასძინა ჩუგოშვილმა.