თამარ ჩოგოშვილი - ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს
თამარ ჩოგოშვილი - ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, „ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი სახელმწიფოს აქვს“.

„ძალის გადამეტება არ ყოფილა. ფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის და არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს. ეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არის მოცემულობა. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების ექსკლუზიური უფლება. ძალიან ბევრი პოლიციელია დაშავებული, მძიმე მდგომარეობაში არიან. არ შეიძლება ასე. რომც იყოს აზრთა სხვადასხვაობა, რაღაცებს არ ვეთანხმებოდეთ, რაღაცები არ გვინდოდეს, ამ ფორმაში არ შეიძლება სახელმწიფოში გადადიოდეს აზრის გამოხატვა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველი იყო. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.