თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილი ამბობს, ოღონდ ციხიდან გაუშვან, პოლიტიკას აღარ გაეკარება, პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანების ნაწილი ვერც კი ხვდება, რა თავისმომჭრელად იქცევა
2013 წლიდან მოყოლებული ვცდილობდით, მიშასთვის აგვეხსნა, რომ ის ვეღარ იქნებოდა იმ ტიპის ლიდერი, როგორიც იყო, უნდა შეგუებოდა, რომ თუ პოლიტიკაში რჩება ქვეყნის დატოვების შემდეგაც, შეიძლებოდა, ყოფილიყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ამის გამო, მიხეილ სააკაშვილი „რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში აბრალებდა მათ ყველაფერს, რაც პირზე მოადგებოდა“.
თამარ ჩერგოლეიშვილის განმარტებით, „საზღვარზე ღირსეულად შემოსვლის ნაცვლად, სააკაშვილი ქვეყანაში რძის პროდუქტების კონტეინერით შემოიპარა და შემდეგ თავის ბრბოს მოღალატეები აძახებინა ყველასთვის, ვინც მას გმირად არ მიიჩნევდა“. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ახლა კი, სააკაშვილი ამბობს, რომ ოღონდ ციხიდან გაუშვან, პოლიტიკას აღარ გაეკარება და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების ნაწილი ვერც კი ხვდება, ეს რა სირცხვილია.
„ჩვენ, 2013 წლიდან მოყოლებული ვცდილობდით, მიშასთვის აგვეხსნა, რომ ის ვეღარ იქნებოდა იმ ტიპის ლიდერი, როგორიც იყო – უნდა შეგუებოდა, რომ თუ პოლიტიკაში რჩება ქვეყნის დატოვების შემდეგაც, შეიძლებოდა ყოფილიყო ერთერთი და არა ერთადერთი. მიშამ ამის გამო შეგვრაცხა მოღალატეებად, ჩვენი თავი ალანძღინა მის ბრბოს, რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში გვაბრალებდა ყველაფერს, რაც პირზე მოადგებოდა – გაზპრომზე მიყიდვით დაწყებული, ტრადიციების წართმევით დამთავრებული.
ამაში აიყოლია ისინი, ვინც მასში ძალაუფლების და ფულის წყაროს ხედავდა, ყველა საზიზღარი მცოცავი! ჩაშალა ყველა შეთანხმება, რაც მის აბსოლუტურ ძალაუფლებას გამორიცხავდა, მის მიერ კონტროლირებად მედიებში დაბლოკა ყველა, ვინც მის უპირობო ლიდერობას ეჭვქვეშ ვაყენებდით, შედეგად – არაერთი პოლიტიკური ლიდერი გატეხა და მორალურად გაანადგურა!
მერე, როცა ჩათვალა რომ ის მომენტია, როცა თუ არ ჩამოვიდა – სხვა დაიკავებს მის ადგილს, რძის პროდუქტების კონტეინერით შემოიპარა, ნაცვლად საზღვარზე ღირსეულად შემოსვლისა და თვეების განმავლობაში ისტერიკაში იყო, მე რომ თავი გავწირე, ახლა თქვენ გაწირეთო – მის ბრბოს და კარვის ქალებს მოღალატეები აძახებინა ყველასთვის, ვინც მას გმირად არ ვთვლიდით და აქციაზე არ გავდიოდით. ახლა ეს კაცი ამბობს, რომ კობახიძე და რუსეთი არაფერ შუაშია და ოღონდ ციხიდან გაუშვან, პოლიტიკას აღარ გაეკარება. აი ამ კაცს შეწირა ოპოზიციამ 10 უმნიშვნელოვანესი წელი.
პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანების ნაწილი ვერც კი ხვდება, ეს რა სირცხვილია. ვერ ხვდებიან, რა თავისმომჭრელად იქცევა. შემთხვევით, თუ შემოტრიალდა – წავლენ და მის ჩრდილში დაიწყებენ ადგილის ძებნას, იტყვიან, ნემსი გაუკეთეს ქოცებმა და მაგიტომ ინანიებდაო. დიდი სირცხვილია. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ბიძინას ციხეში მოხვდა, ასე სამარცხვინოდ არ მოქცეულა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.