თამარ ბერუჩაშვილი - ბრექსიტი არის ბრიტანელი ხალხის არჩევანი, რომელსაც პატივს ვცემთ და ვუყურებთ, როგორც ახალ შესაძლებლობას ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გასაღრმავებლად
ბრექსიტი არის პოლიტიკური რეალობა, ბრიტანელი ხალხის არჩევანი, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ და ბრექსიტს ვუყურებთ, როგორც ახალ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ და განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, – ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ევროგაერთიანებიდან გასვლის შემდეგაც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, მაგრამ არ ტოვებს ევროპას. გაერთიანებული სამეფო შეასრულებს ძალიან დიდ როლს ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის გათვალისწინებით“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
საქართველოს ელჩი დარწმუნებულია, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება ხელს შეუწყობს სტრატეგიული თანამშრომლობის ყველაზე დონეზე განვითარებას.
„საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას და რომელმაც მოახერხა და შექმნა სამართლებრივი ბაზა ბრიტანეთთან ბრექსიტის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, სამართლებრივი ბაზა ადგილზეა, დასრულდა ბრიტანეთის პარლამენტის მხრიდან პროცედურები და ახლა ბრიტანეთის მთავრობამ უნდა მოახდინოს ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია, საქართველოს მხრიდან კი რატიფიკაცია შარშან დასრულდა. დღეს ჩვენ გვაქვს სრულფასოვანი სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო განვავითაროთ სტრატეგიული თანამშრომლობა ყველა დონეზე და ყველა მიმართულებით“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის შეთანხმება 2019 წლის 21 ოქტომბერს ლონდონში გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა მოაწერეს. დოკუმენტი დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. შეთანხმება ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და იმეორებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დებულებებს.
შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობას, ასევე ეკონომიკურ დიალოგს, ინდუსტრიულ და სამეწარმეო პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკასა და ჯანდაცვას და ა.შ.
სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება სრულად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მის რატიფიკაციას მოახდენს.