თამარ ბარკალაია - მომავალი წლიდან 835 000 პენსიონერი გაზრდილ პენსიას მიიღებს
პრემიერის წლიურ ანგარიშში ნათლად გამოჩნდა, რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
თამარ ბარკალაიამ ხაზი გაუსვა პენსიებისა და სოციალური გასაცემლების ზრდის საკითხებზე და აღნიშნა, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება.
„2023 პენსიები გაიზარდა და მომდევნო წელსაც გაიზრდება. პენსიების 20-ლარიანი ზრდა შეეხება 70 წლამდე პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებული პირებისთვის კი პენსია 50 ლარით გაიზრდება. ამ ყველაფერს ემატება 20%-იანი დანამატი, იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობენ. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი და მომავალი წლიდან 835 000 პენსიონერი გაზრდილ პენსიას მიიღებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ ბარკალაიას თქმით, ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ოჯახების გაძლიერება სახელმწიფოს პრიორიტეტია, რისთვისაც გასულ და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვის სოციალური გასაცემელი.
„ბავშვის ბენეფიტი 2015 წლამდე საერთოდ არ არსებობდა, შარშან 150 ლარამდე გაიზარდა და წელს ივლისიდან 200 ლარია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც განხორციელდა – გაიზარდა იმ ბავშვების მოცვაც, ვინც აღნიშნულ დანამატით სარგებლობს. ნაცვლად 100 000 ქულისა, 120 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენ აღნიშნულ ბენეფიტს. ამან გაზარდა მიმღებთა რაოდენობა, რაც სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკაა, რათა უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.