თამარ ბარკალაია - დახმარებების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება
დახმარებების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„პირველ რიგში, დახმარებას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბაზებში და შემოსავლების სამსახურის ბაზებში უკვე იდენტიფიცირებული არიან. ესენი არიან ფორმალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ; ადამიანები, რომლებიც უკვე არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე, ან 100 000-ს ქვემოთ და ისინი მრავალშვილიანები არიან; ასევე, შშმ პირები მძიმე და ღრმა შეზღუდვით და შშმ ბავშვები“, – განაცხადა ბარკალაიამ.
მისი თქმით, თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის პროცესი 15 მაისიდან დაიწყება.
„ჩვენს ვებგვერდზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ საშუალება ექნებათ, 15 მაისიდან რეგისტრაცია გაიარონ. მერე უკვე რეგისტრაციიდან ორი კვირის განმავლობაში მოხდება საბუთების შესწავლა და თვითდასაქმებულებისთვის ეტაპობრივი გადარიცხვა“, – განაცხადა ბარკალაიამ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფოსთვის უცნობია იმ თვითდასაქმებულთა დასაქმების სტატუსის შესახებ, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არ არიან რეგისტრირებული და სწორედ ამ თვითდასაქმებულებისთვის არის კომისიური წესით განხილვა.
„სწორედ ამ თვითდასაქმებულებისთვის არის კომისიური წესით განხილვა, ონლაინპლატფორმა, სადაც ისინი დარეგისტრირდებიან და დაახლოებით თვე-ნახევარი ექნებათ იმის საშუალება, რომ დარეგისტრირდნენ და საბუთები წარმოადგინონ. თუმცა, ვინც დარეგისტრირდება, რეგისტრაციიდან ორი კვირის განმავლობაში შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ მათ რეგისტრაციაზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. კომისიური წესით მოხდება თითოეული საბუთის განხილვა. საბუთი წარმოებული უნდა იყოს იურიდიული პირისგან, ვინაიდან ფიზიკური პირისგან წარმოებული და მოტანილი საბუთის ვალიდურობის დადასტურება შეუძლებელია. ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომლის რესურსი ნამდვილად არ გააჩნია არც საქართველოს და არც ნებისმიერ სხვა ქვეყანას“, – განაცხადა ბარკალაიამ.
მისივე თქმით, თვითდასაქმებულებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არიან რეგისტრირებული, კომპენსაციის მისაღებად არავითარი ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ სჭირდებათ, რადგან სახელმწიფოსთვის ცნობილია, რომ ისინი ეკონომიკურ საქმიანობას აწარმოებდნენ.
„მათ მიერ მხოლოდ ანგარიშის ნომრის წარმოდგენის საფუძველზე ჩვენ გავაკეთებთ მათ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობის თანხის ერთჯერად გადარიცხვას“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.