თამარ ბაგრატია-ჩემი მოადგილის ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული პირის დანიშვნას მაიძულებდნენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ინფორმაციით, მასზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზეწოლას ახორციელებდა.
თამარ ბაგრატიას განცხადებით, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი კონკრეტული პირის, სააგენტოს დირექტორის პირველ მოადგილედ დანიშვნას აიძულებდა.
„ჩემი თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა ის, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩემზე ზეწოლას ახდენდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რათა ჩემი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკრეტული ადამიანი დამენიშნა. ამას მე არ ვეთანხმებოდი და ვინაიდან ულტიმატუმი 5 საათისთვის არ შევასრულე, დღის ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დამეტოვებინა. ასეთ პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება“, – განაცხადა თამარ ბაგრატიამ და იმ პიროვნების ვინაობაც დაასახელა, ვის დანიშვნასაც მისი თქმით, მინისტრის მოადგილე აიძულებდა.
საქმის არსი გახლავთ ის, რომ მოადგილის ვაკანტური თანამდებობის შტატი ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით. ვინაიდან ეს შტატი ჩვენთან აღარ იყო, ფინანსურადაც კი ვერ გადავუხდიდით ხელფასს მოადგილეს, ამიტომ მომთხოვეს აღმედგინა ეს თანამდებობა და თანხებიც მომეძიებინა ბიუჯეტში, რათა კონკრეტული პირი აუცილებლად დანიშნულიყო და მიეღო ანაზღაურება. ეს პირი გახლავთ ბატონი თემურ მთივლიშვილი, ის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავდებდა“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას თამარ ბაგრატიამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მასთან ერთად თანამდებობა მისმა მოდგილემაც დატოვა.
„ჩემთან ერთად თანამდებობა დატოვა ჩემმა მოადგილემაც, რადგან ჩემი წასვლის შემთხვევაში, თუ ის გახდებოდა ჩემი მოვალეობის შემსრულებელი, არც ის მოაწერდა ხელს დანიშვნაზე”,- აღნიშნა ბაგრატიამ.
მისივე თქმით, შესაბამის თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნა უნდა ხდებოდეს კონკურსის საფუძველზე, ვინაიდან პირი, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის პოსტს დაიკავებდა, უნდა ჰქონოდა შესაბამისი გამოცდილება, რაც ბაგრატიას თქმით, თემურ მთივლიშვილს არ ჰქონდა.
პირველი არხის კითხვაზე, გაიარეს თუ არა თავად თამარ ბაგრატიამ და მისმა მოადგილემ კონკურსი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ თავად ბაგრატიას და მისი მოადგილის დანიშვნა ყველა პროცედურის დაცვით მოხდა.
„მეც და ჩემი მოადგილეც შერჩეული ვართ კონკურსის საფუძველზე. ვთვლი, რომ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე უნდა მოხდეს კონკურსის წესით პირის დანიშვნა. გარემოს ეროვნული სააგენტო, ეს არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგზე, პრევენციაზე და შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მაღალ თანამდებობას უნდა იკავდეს ისეთი პირი, ვისაც ექნება შესაბამისი კვლიფიკაცია და გამოცდილება, რაც მინისტრის მოადგილის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს არ ჰქონდა“, – განაცხადა თამარ ბაგრატიამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა გუშინ
დატოვა.