თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, საელჩოს წარმომადგენლებს თავიანთი მოთხოვნები გააცნეს.
„ჩავთვლი, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩემთვის, ამასაც არ ველოდით, რომ ვინმე წარმომადგენელი შეგვხვდებოდა. როგორც მითხრეს, ელჩი კელი დეგნანი არ იმყოფება ამ წუთას ადგილზე. მათ თქვეს, რომ ჩვენ აუცილებლად, დაწვრილებით გადავცემთ ყველაფერსო. ავუხსენი ყველა დეტალი, რა ხდება, როგორ ხდება და ვინ არიან ჩარეული. მათ თქვეს, რომ საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობა, სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს. ისიც ვთქვი, თუ სახელმწიფო უარს იტყვის ეფბიაის ჩართულობაზე, მე, როგორც დედა, უფლებას ვიტოვებ, რომ აქ მოვიდე და შიმშილობა გამოვაცხადო“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა აღნიშნა, რომ საელჩოს წარმომადგენლებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით დეტალურად ესაუბრა.
„იმედი მომეცა გულთან ახლოს მიიტანეს, მოვუყევით დეტალურად რაც ხდება და ძალიან წუხდნენ, რომ ასეთი რაღაც დაგვემართა. იმედი მოგვცეს, რომ რაც შეუძლიათ დაგვეხმარებიან, რათა ეს საქმე მალე გაიხსნას და სიმართლე დადგინდეს. ფედერალურ ბიუროს სახელმწიფომ უნდა მიმართოს, თუ წინააღმდეგ წავა, მაშინ სხვა ხერხებს მივმართავ“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ბაჩალიაშვილის მშობლებმა და ოჯახის წევრებმა აშშ-ის საელჩოსთან დღეს აქცია გამართეს.