თამარ ბაჩალიაშვილის მამა - როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს, თხოვნა მაქვს, შს სამინისტრომ წაიღოს საქმე გამოსაძიებლად, თუ არა, ჩაერთვება ერი და მერე ვნახოთ
თამარ ბაჩალიაშვილის მამა - როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს, თხოვნა მაქვს, შს სამინისტრომ წაიღოს საქმე გამოსაძიებლად, თუ არა, ჩაერთვება ერი და მერე ვნახოთ

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ მისი შვილის საქმის გამოძიება შსს-ს გადაეცეს.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, არ ენდობა იმათ, ვინც ახლა ამ საქმეს იძიებს.

„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, დაზარალებულს, შვილმკვდარი მამას, თხოვნა მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წაიღოს ეს საქმე, თუ არა, ჩაერთვება ერი და მერე ვნახოთ. როგორც კი გზა გადავკეტეთ, მანქანა გამოჩნდა, როგორც ფედერალური ბიურო ჩავრთეთ, უცებ კომპიუტერი გახსნეს. მივმართავ ყველანაირ ძალას, გზა გადაიკეტება, დიდი ტალღა მოვა. აღარ მჯერა ამ გამოძიების“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

რაც შეეხება გარდაცვლილის იდენტიფიკაციისთვის, დნმ-ს ჩატარების შესახებ მედიით გავრცელებულ მის განცხადებას, ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.

ამასთან, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც აცხადებს, რომ დნმ-თან დაკავშირებით მამის ნათქვამი სხვანაირად იქნა აღქმული.

როგორც რამიშვილი ამბობს, დადგენილია, რომ ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილის არის.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

ამასთან ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.