თამარ ბაჩალიაშვილის დედის საჯარო განცხადების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ.
უწყების ცნობით, შემოწმება 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
„გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მას პროკურორი აბულინგებდა და ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა – რატომ არის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.