თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილი საკუთარ ავტომობილში ინექციით ან მედიკამენტების იძულებით მიღების შედეგად მოკლეს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილი საკუთარ ავტომობილში ინექციით ან მედიკამენტების იძულებით მიღების შედეგად მოკლეს, – ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ადვოკატთან, ოჯახთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქმის მასალების გაცნობის მიზნით, გამომძიებლებს ხვდება.
თამაზაშვილი აცხადებს, რომ მას პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მასალებთან და ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს.
„რატომ არ აღმოჩნდა ჩემი დნმ ან ჩემი ანაბეჭდები თამუნას მანქანაზე? ძალიან ბევრ რამეზე არ აქვს პროკურატურას პასუხი, არც იმ „ტოიოტაქამრიზე“ აქვს პასუხი. თქვეს, თითქოს ნორვეგიაში აპირებდა წასვლას. იმიტომ მოიშორეს რომ არ წასულიყო და ფაქტები იქ არ დაედო. აბა, თავშესაფარს ისე ხომ არავინ მისცემდა. ისევ და ისევ სატელიტების სურათები დამიდონ. დამიდონ ის ღია წერილი, როგორ მისწერეს „ეფბიაის“, რა მისწერეს“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში სისხლის კვალთან დაკავშირებით, თეონა თამაზაშვილის თქმით, სისხლი, სავარაუდოდ, მისი შვილისაა.
„თამუნას ეკუთვნის, აბა ვის ეკუთვნის, ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს და ვინ დაასხამდა თავის სისხლს? ინექციას უკეთებდნენ სავარაუდოდ, ან ძალით ასმევდნენ აბებს და ამის გამო“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის „იუთუბის“გვერდიდან ამოღებულ მასალებს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ის ოჯახს ემშვიდობება, თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ეს ვიდეოები არ უნახავს.
„მე არ მინხავს იმიტომ , რომ როდესაც ყურება დავიწყე ცუდად გავხდი თამუნას ხმის გაგონებაზე და არ მინახავს. გამოსამშვიდობებელი ვიდეო თავისუფლად შეიძლება ჩაეწერა თუ ნორვეგიაში წასვლას აპირებდა, რადგან ვერ ჩამოვიდოდა იქედან, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდებოდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.