თამარ ბაჩალიაშვილის დედა - შსს-ში შეხვედრაზე რაღაც მასალები მაჩვენეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით, ბაჩანა ლობჟანიძე კი გამოსაკვლევია, საიდან მოვიდა, ვინ არის
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შსს-ში შეხვედრაზე მისი შვილის საქმის გარკვეული მასალები გააცნეს.
როგორც თეონა მაზმიშვილმა აღნიშნა, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაასახელეს.
„გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. მითხრეს, რომ კამერების ჩანაწერების ამოღებას და ყველა მათგანის გაშიფრვას დრო უნდა და ეს იყო ყველაფერი. ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან. დრონის კადრებს რაც შეეხება, ისინი არსებობს უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნანახი. ყოველ შემთხვევაში, ახლა რაღაც მასალები მაჩვენეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით. ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნებას რაც შეეხება, ის ზოგადად გამოსაკვლევია, საიდან მოვიდა, ვინ არის, რას წარმოადგენს, არ ვიცით“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძესა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.
რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძეს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია, საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს. გარდა ამისა, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განცხადა, რომ ლობჟანიძე მას ბაჩალიაშვილის ოჯახმა გააცნო და ექსპერტიზის ბიუროში მასთან ერთად იმყოფებოდა.