თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვისას, იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემასთან მისი შვილის გარდაცვალების კავშირზე გაკეთებული განცხადების წყაროდ მედია და გარკვეული გარემოებები დაასახელა, – ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის ომისთვის იარაღის უკანონო ვაჭრობის სქემაზე და სამი მაღალჩინოსნის მონაწილეობაზე თეონა თამაზაშვილის სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, მისი შვილის ბოლოდროინდელი ქმედებებითაც მყარდება.
„თამუნამ უთხრა დედას, რომ შეიძლება დიდი დაძაბულობა იყოსო. დედამ ჰკითხა, შენ რა იციო? უპასუხა, მე ბევრი რაღაც ვიცი, რაც შენ არ იციო. ქალბატონ თეონას ესეც გაახსენდა. შემდეგ ტელეეთერიდან – ქაშიაშვილისგან გაიგო მაღალჩინოსნების შესახებ, თამუნასთან საუბარი გაახსენდა, ასევე დაიკარგა ფლეშკები, ამ ყველაფერს დაუკავშირა მაღალი თანამდებობის პირის ნათქვამი – შენი გოგონა შარში არისო. ბოლო პერიოდში თამუნა ძალიან დაძაბული და შეშინებული იყო, დედას არ შორდებოდა. გოგო იყო აშკარად დაშინებული. მეხსიერების ბარათები, რომლებსაც თამარი თავიდან არ იშორებდა, გაქრა. საჯაროდ გავრცელდა ეს ვერსია არაერთ ტელეეთერში. ის პირველად თეონა თამაზაშვილს არ უთქვამს. მაღალჩინოსნების ვინაობა არ იცის თეონა თამაზაშვილმა. ამიტომ ითხოვს ფლეშკებს, რომელიც გამოძიებამ გააქრო. დაკითხვაზე სხვა საკითხებზეც დაისვა შეკითხვები“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
გამოკითხვის მონაწილე პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის მიერ მოწმდება ყველა გავრცელებული ინფორმაცია.
„დღევანელი დაკითხვის მთავარი თემა გახდა ის განცხადება, რაც 30 აგვისტოს გააკეთა ქალბატონმა თეონა თამაზაშვილმა. ჩვენ დავუსვით კონკრეტული კითხვები, თუმცა მან ვერ დაასახელა კონკრეტული წყარო და საბოლოოდ მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის მისი ვარაუდი და ეჭვები ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე“, – აღნიშნა პროკურორმა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი შვილის გარდაცვალება იარაღის უკანონო ვაჭრობის სქემის გაშიფვრას უკავშირდება. კერძოდ, მთიანი ყარაბაღის ომის იარაღით მომარაგების სქემის გაშიფვრას, რომლის დროსაც, გარდაცვლილის დედის მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა საქართველოში სამი ჩინოსნის მაკომპრომატირებელ ფაილებში შეაღწია.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.