თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა - გვაქვს მოლოდინი, რომ შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლით, საქმის გამოძიება უფრო დაჩქარდეს და ობიექტურადაც წარიმართოს
გამოძიების მიმართ ნდობა იზრდება, გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია, შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლით, საქმის გამოძიება უფრო დაჩქარდეს და ობიექტურადაც წარიმართოს, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა განაცხადა.
„ოჯახის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ქვემო ქართლის სამხარეო დეპარტამენტიდან საქმე გადასულიყო შსს-ს განკარგულებაში. ეს ნამდვილად კიდევ წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის გამო, უფრო იზრდება გამოძიების მიმართ ნდობა და გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლით უფრო დაჩქარდეს გამოძიება და შესაბამისად ობიექტურადაც წარიმართოს.
აქამდე გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებდით დროში გაჭიანურების გამო, რადგან დროულად არ ხდებოდა თუნდაც თამარის მოძებნა, მანქანის მოძებნა, თუმცა ახლა უკვე იმედის ნაპერწკალი გაჩნდა“,- განაცხადა ბაჩალიაშვილის ბიძამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვდა, მისი შვილის გარდაცვალების საქმე ქვემო ქართლის პოლიციას აღარ გამოეძიებინა და ის შსს-ს გადასცემოდა გამოსაძიებლად.