ესტონეთში, ტალინის მიკკელის მუზეუმში, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა – „ფიროსმანი – მარტოხელა გენიოსის სამყარო” გაიხსნა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოფენა ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენაზე წარდგენილი ნამუშევრების უმეტესობა მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას ეკუთვნის და ისინი ერთიან კოლექციად პირველად იყო გამოფენილი საზღვარგარეთ.
გარდა ამისა, საგარეო უწყების ინფორმაციით, ტალინში ასევე გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი და ფიროსმანის სამი ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.
ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, ასევე ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, სირიე ჰელმემ და მიკკელის მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრა მურრემ.
თეა ახვლედიანმა მოკლედ მიმოიხილა გასული ხუთი წლის მანძილზე ქართულ-ესტონური პარტნიორობის შედეგად მიღწეული შედეგები და გაღრმავებული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა მიმართულებით. ამ კონტექტსში მან კულტურული ღონისძიებები აღნიშნა. მან იმედი გამოხატა, რომ ფიროსმანის გამოფენა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
გამოფენის ფარგლებში, მიკკელის მუზეუმში ბავშვებისა და მოზარდებისთვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი შემეცნებით-საგანმანათლებლო გაკვეთილები გაიმართება
გამოფენა მიკკელის მუზეუმში 11 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.