ტალინში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა „ფიროსმანი - მარტოხელა გენიოსის სამყარო“ გაიხსნა
ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა „ფიროსმანი – მარტოხელა გენიოსის სამყარო“ გაიხსნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
უწყების ცნობით, წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა ეკუთვნის მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას და ისინი ერთიან კოლექციად პირველად გამოიფინა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ტალინში ასევე გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი და ფიროსმანის სამი ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.
ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, ამავე სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების კურატორმა, ირმა დოლიძემ, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, სირიე ჰელმემ და მიკკელის მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრა მურრემ.
საგარეო სამინისტოს ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა მოკლედ მიმოიხილა გასული ხუთი წლის მანძილზე ქართულ-ესტონური პარტნიორობის შედეგად მიღწეული შედეგები და გაღრმავებული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რასაც ამ წლების განმავლობაში თან სდევდა ესტონეთში საქართველოს ისტორიის, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების ინტენსიური წარმოჩენის პროცესი. მან ასევე აღნიშნა სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით, საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა და მრავალი შინაარსობრივი დატვირთვით განხორციელებული მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები. ელჩი მიესალმა იმ ფაქტს, რომ მხატვრობის დარგში, ეს პირველი ფართომასშტაბიანი და ამბიციური პროექტი წარმატებით განხორციელდა.
ელჩმა ასევე ისაუბრა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და ხაზი გაუსვა გენიალური ქართველი მხატვრის მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებს. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ტალინში ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენის ინიციატივაზე, მუშაობის ორწლიან პროცესზე, ესტონეთში მისი ორგანიზების მნიშვნელობაზე და იმედი გამოხატა, რომ ფიროსმანის გამოფენა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. მან განაცხადა, რომ ესტონელი ხალხის ერთგული მეგობრობა, გულწრფელი სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის გამოხატული საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს დღეებში, მუდმივად დარჩება ქართველთა მეხსიერებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის ხელისუფლების, პარლამენტისა და სამთავრობო ინსტიტუტების მაღალი დონის თანამდებობის პირები, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურული და ბიზნეს წრეების, ესტონეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, 23 და 24 მარტს მიკკელის მუზეუმში გაიმართება ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი შენეცნებით-საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გაკვეთილებს ინგლისურ (ესტონური თარგმანით) და რუსულ ენებზე ჩაატარებენ საგანგებოდ ამ ღონისძიებისათვის საქართველოდან მოწვეული პედაგოგები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.
ასევე, 23 მარტს სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წამყვანი ექსპერტი თამარ მელივა წაიკითხავს საჯარო ლექციას ქართული კულტურისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თემაზე – „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“.
გამოფენა მიკკელის მუზეუმში 23 მარტიდან 2019 წლის 11 აგვისტომდე გაგრძელდება.