ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ტალინის მერმა, მიხაილ კილვარტმა ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი „რაუას მწვანე სივრცე“ გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ასევე ტალინის ცენტრალური უბნის გამგებელმა, ვლადიმერ სვეტმა და არქიტექტორმა, ტიინა ტუულიკმა.
საქართველოსადმი მიძღვნილ სკვერში გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. „რაუას მწვანე სივრცე“ საქართველოს პირველი ოფიციალური წარმომადგენლობის მისამართის, ნარვა მანტეს 20 ნომრის სიახლოვეს სიმბოლურად შეირჩა, რადგან სასტუმრო „როომა“, სადაც წარმომადგენლობა იყო განთავსებული, 1944 წლის 9-10 მარტის დაბომბვის შედეგად განადგურდა.
ორივე ინიციატივა (მემორიალური დაფის გახსნა და ქართული დიზაინის ბაღის დაარსება) ესტონეთში საქართველოს საელჩოს ეკუთვნის, რომელიც საელჩოს ძალისხმევით, ტალინის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მისივე მხარდაჭერით, ასევე თბილისის მერიის თანადგომით განხორციელდა.
სკვერის ქართული დიზაინი არქიტექტორმა ტიინა ტუულიკმა მოამზადა. ბაღის ცენტრში განთავსებულია მოედანი ბორჯღალის ილუსტრაციით, რომელიც ღია ფერისა და მუქი წითელი ქვითაა მოპირკეთებული. მწვანე სივრცის რელიეფი ტალღოვანია, ასევე, მასში განთავსებულია დიდი ზომის ლოდები, რაც სიმბოლურად საქართველოს მთიან და კლდოვან ლანდშაფტს განასახიერებს. ქართული ვენახების სიმბოლოდ, ბაღში მცირე ზომის ბუჩქების რიგებია დარგული. ბორჯღალის ირგვლივ თბილისის მერიის მიერ სპეციალურად აღნიშნული სკვერისთვის მოწოდებული სკამები განთავსდა, წარწერით „თბილისი“.
საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას მადლიერება გამოხატა ამ ინიციატივის აღსრულებაში ჩართული ყველა უწყების, განსაკუთრებით, ტალინის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სამსახურების მიმართ, მხარდაჭერისა და ზემოხსენებული პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.