თაკო ჩარკვიანმა ნიკა მელიას მიმართა - ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აქ უნდა მდგარიყავი, გამოცდა ვერ ჩააბარე
პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას, შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აქ უნდა მდგარიყავი, როგორც გია ბარამიძე დგას, შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, – ასე მიმართა „სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას.
მისივე თქმით, თავად 14 ოქტომბერს აუცილებლად მივა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე და ასწავლის მას, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება.
„თბილის ქალაქის მერობა რომ გადაწყვიტე, აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი. მე შენ განზრახ აღარ დაგირეკე. აქედან მოგმართავ, ეს იყო ჩემი გამოცდა შენდამი, შენს მამას თბილის ქალაქში ასიანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია. მინდა, რომ 30 ოქტომბრამდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის.
მე გეუბნები ამას შენ, ყველაზე უფრო ჭირისუფალი, ზუსტად ისე მინდა, ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა ეს გამოცდა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც, მთელ საქართველოსთან. და მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას, შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს, აი, აქ უნდა მდგარიყავი ისევე, როგორც გია ბარამიძე დგას აქ, და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, მაგრამ მე, 14 ოქტომბერს აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.