თაკო ჩარკვიანის პარტიაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ოპოზიციამ უნდა აირჩიოს
თაკო ჩარკვიანის პარტიაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ევროატლანტიკური თემების გაშუქებას მწირი დრო ეთმობა. ამ საკითხზე დღეს პარტიაში „კანონი და სამართალი“ პარტიის ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა და გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ღლონტმა ისაუბრეს.
მათივე აზრით, მაუწყებელში პრობლემებია და ამის გამოსწორების გზა ის არის, რომ არხის დირექტორი ოპოზიციამ აირჩიოს. როგორც ირაკლი ღლონტმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ნეპოტიზმისა და პოლიტიკური ზეგავლენის ბიუროკრატიული წარმონაქმნია.
„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავისი არსით მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, დღეს და მოქმედი ათწლეულების განმავლობაში პირდაპირ დგას სახელმწიფო ჩარევისა და ზეწოლის ქვეშ. კანონმდებლობა იცნობს მის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომ უნდა იყოს თავისუფალი და პირადი ინტერესებისგან დამოუკიდებელი ინსტიტუცია. დღეს სამწუხაროდ, ჩარევის, ნეპოტიზმისა და პოლიტიკური ზეგავლენის ბიუროკრატიული წარმონაქმნია“, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.
მისივე თქმით, პარტია მოითხოვს, რომ საზოგადობრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე გამწესების უფლება გადაეცეს ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით.
„ვნახეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო რუსული პენსიების პროპაგანდირების საშუალება, მაშინ ჩვენ აქციაც გავმართეთ. ეს არის ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელშიც არ აღწევს ჩვენი საზოგადოების, იგივე იპოთეკით დაზარალებულთა და ჩინოვნიკების მიერ დაზარებული, ემიგრანტების საკითხების ფართო გაშუქება“, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა და აღნიშნა, რომ მაუწყებელი მნიშვნელოვან როლს უნდა ატარებდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქართული სახელმწიფოს ინტეგრაციის კუთხით.
ამასთან, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ევროატლანტიკური თემების გაშუქებას მწირი დრო ეთმობა.
„უბრალოდ, ძალიან მწირი დრო ეთმობა, ისეთი დრო, რომელიც სურს დანიშნულ თავმჯდომარეს, ეს არის და ეს. ამიტომ სად მივდივართ? მივდივართ არჩევის ფორმასთან, მეტი არაფერი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.