თაკო ჩარკვიანი - ვგრძნობ, რომ პარლამენტში შეიძლება ვინმე შევიდეს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გაბედავენ ამას
მეც ვგრძნობ, რა თქმა უნდა, ტყუილები არ შემიძლია, ეს მოეწონება ვინმეს თუ არა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომლითაც უპასუხა აჭარის ტელევიზიის ეთერში „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის კითხვას: „თითქოს ასეთი განცდა იქმნება, რომ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს აღარ აქვს მკვეთრად გამოხატული განცხადებები, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ერთობიდან რამდენიმე პარტიის ლიდერი ან წარმომადგენელი ვიხილოთ მეათე მოწვევის პარლამენტში?“.
„მეც ვგრძნობ, რა თქმა უნდა, ტყუილები არ შემიძლია, ეს მოეწონება ვიღაცას, თუ არა, მე ასეთ რაღაცებს არასდროს ანგარიშს არ ვუწევ“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.
„გრძნობთ, რომ შევლენ ოპოზიციიდან? იმ ადამიანებიდან, ვინც დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ვიხილეთ, შეიძლება ვინმე შევიდეს?“, – აღნიშნულ კითხვაზე ჩარკვიანი პასუხობს, რომ ამას გრძნობს, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად გაბედავენ შესვლას.
„თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამას ვგრძნობ, მაგრამ ისინი რამდენად გადაწყვეტენ და გაბედავენ შესვლას, ეს კიდევ მეორე საკითხია. ძალიან მძიმე, რთული ტვირთია, რომ ასე შეხედო შენს მოსახლეობას თვალებში და უთხრა, რომ მე ახლა შევდივარ. მე კი ვგრძნობ რაღაცებს, მაგრამ რამდენად შეძლებენ და გაბედავენ ამის გაკეთებას, ვერ გეტყვი, რადგან ძალიან რთული რამ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა.
მაშინ ჩვენ არ უნდა დაგვთანხმებოდნენ, როდესაც გამოვედით და მე პირადად ვთქვი, რომ გაყალბებულია, ყველამ ერთად ვთქვით, რომ, დიახ, გაყალბდა არჩევნები, თუ გაყალბდა, მაშინ კეთილი ინებე და გამყალბებელთან არასამართლებრივ მოქმედებაში ნუ შეხვალ, რომ შენ თავად არ იქცე არასამართლებრივ სუბიექტად. ყველა, ვინც შევა, და არ მგონია, რომ ეს გაბედონ, ისინი ბუნებრივად გადაიქცევიან არასამართლებრივ სუბიექტად, რადგან აღმოჩნდები, რომ გამყალბებელს გაუპრავე. ეს არის ძალიან დიდი ტვირთი, თუ ისინი გაუძლებენ ხალხის მიერ, მომიტევონ მაგრამ, პოლიტიკურ სანაგვეს, ურნას, ვერ წარმომიდგენია, თორემ რაღაც სურვილები მეც ვნახე, ალბათ როგორც თქვენ, ამაზე არ ვისაუბრებ. მე რომ გითხრათ, რომ არა, არ ვიგრძენი-თქო, მოგატყუებთ, ეთერში მე არ შემიძლია ტყუილი, გამორიცხულია, რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენად შეძლებენ ისინი და ამხელა ტვირთს ზურგზე მოიკიდებენ, ვერ გეტყვით. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ძალიან ღირსეულად დგას სიმაღლეზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.