თაკო ჩარკვიანი - ვერაფრით წარმოვიდგენ, ქეთი დუმბაძემ ნიკა მელიას დაჭერისთვის „ღილაკს“ თითი დააჭიროს
თაკო ჩარკვიანი - ვერაფრით წარმოვიდგენ, ქეთი დუმბაძემ ნიკა მელიას დაჭერისთვის „ღილაკს“ თითი დააჭიროს

ვერაფრით წარმოვიდგენ, ქეთი დუმბაძე მივიდეს სხდომაზე და ნიკა მელიას დაჭერისთვის „ღილაკს“ თითი დააჭიროს, მგონია, რომ რაღაც მსოფლმხედველობით ეს არ და ვერ უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს.

მისივე თქმით, იტოვებს იმედს, რომ ქეთი დუმბაძე არ დაეთანხმება მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას.

„ჩემი ნაცნობ-მეგობრები სხედან პარლამენტში – „ქართულ  ოცნებაში“. განსაკუთრებით მინდა მივმართო ქეთი დუმბაძეს. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ, რომ ქეთი დუმბაძე მივიდეს სხდომაზე და ნიკა მელიას დაჭერისთვის „ღილაკს“ თითი დააჭიროს. დააჭიროს ნიკა მელიას დასჯის „ღილაკს“ ისე, არ  გაანალიზოს, რომ ნიკა მელია ისჯება სახელმწიფოებრიობის  შეურაცხყოფის გაპროტესტების გამო. მთელი გულწრფელობით მინდა ვუთხრა ქეთის, ვიტოვებ იმედს, რომ ქეთი იქნება მათ შორის გამორჩეული, ასე მინდა რომ იყოს. მგონია, რომ რაღაც მსოფლმხედველობით ქეთი დუმბაძემ ეს არ და ვერ უნდა გააკეთოს. ცხოვრებაში არის „ღილაკი“, რომელსაც თითი არ და ვერ უნდა დააჭირო! მე ველოდები ხვალინდელ დღეს, რომ შენ იმ ღილაკს თითს არ და ვერ დააჭერ! თუ არა, მაშინ ჩავთვლი, რომ არც აღარაფერი არ არსებობს“, – ნათქვამია თაკო ჩარკვიანის განცხადებაში.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.

Posted by Tako Charkviani on Sunday, February 14, 2021