თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია.
როგორც ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, გადაცემაში სტუმრობისას მას ის მიკროფონი დაუმაგრეს, რომელიც მანამდე ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა. ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მისი დაინფიცირება სწორედ აქედან მოხდა.
ამასთან, ჩარკვიანის განცხადებით, „კოვიდ-19“ მის მეუღლესაც დაუდგინდა.
„გუშინწინ რომ გამოაცხადეს გოგიჩაიშვილზე, თითქოს თავში ჩაგარტყამენო რაღაცას, ისე იყო, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში ლევანი იჯდა. რომ მორჩა, გავიდა, მაგრამ მისი მიკროფონი, „პეტლიჩკას“ რომ ვეძახით, მე გამიკეთეს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მას ვირუსი დაუდასტურდა და ამასთან, მეც ვახველებდი, მივხვდი, რომ ამის გამოა. აი, ასე, ჰაერწვეთოვანი შეხება იქვე, ადგილზე არ გვქონია. ის იქითა მხარეს გავიდა, მე აქეთ, მეორე მხრიდან შევდიოდი.
ბოლო სამი დღეა, მახველებს, სიცხე მაქვს 37,2 – 37,3. სიმპტომების გამოვლენისას თვითონ მივმართე სპეციალისტებს. 112-ში დავრეკე და ეს ყველაფერი მოვყევი, რომ მე ვარ კონტაქტი გოგიჩაიშვილისა.
დღეს დილით იყო ტესტის პასუხი, მე და ჩემს მეუღლეს დაგვიდგინდა „კოვიდ“-დადებითი. ახლა ველოდებით, რას გვეტყვიან, სად გადაგვიყვანენ. ერთი პრობლემა ისაა, რომ შინ დედა მყავს 86 წლის, მე და ერთი ქალბატონი ვუვლით მას. მათი პასუხები ჯერ არ ვიცით. ერთადერთი, ამაზე ვღელავთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, გარეთ არ გასულა და იზოლაციის წესებს იცავდა.
„საკმაოდ ფრთხილი ადამიანი ვარ. ბოლო სამი-ოთხი დღეა, როგორც კი სიმპტომი ვიგრძენი, აღარ გავსულვარ გარეთ, მაგრამ პირველ დღეს არ მქონია ხველება, ეს მერე დამეწყო. თავიდან მქონდა სიცხე, მაგრამ ისეთი შეგრძნებით, თითქოს მოწამლული ვიყავი. სხვა არაფერი მიფიქრია. მერე დამეწყო სურდო და ხველა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.