თაკო ჩარკვიანი - უგულავამ უბრალოდ ემოციურად ახსენა, რომ არ შეიძლება დაპირისპირებისა და ესკალაციის დაშვება
ადამიანმა, რომელიც ხედავს, ხელისუფლება უპირებს, გახდეს მკვლელობის თანამონაწილე, ემოციურად ახსენა, რომ არ შეიძლება დაპირისპირების და ესკალაციის დაშვება. გიგიმ ემოციურად თქვა, რომ ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერ გიგი უგულავას განცხადებაზე, სადაც ამბობს: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.
თაკო ჩარკვიანის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარია სასჯელის გადავადებაზე და არა ციხიდან გაქცევაზე.
„დაპირისპირებას აღვივებს მხოლოდ და მხოლოდ იმის საშიშროება, რომ ჩვენ, სრულიად საზოგადოებას, მომხრეებს, არამომხრეებს – ყველას ხელისუფლება უპირებს, აქციოს მკვლელად. ეს გაცხადებული მკვლელობის ქრონიკაა, რაც მოიტანს ესკალაციასა და დაპირისპირებას. ადამიანმა, რომელიც უყურებს და ხედავს, რომ ხელისუფლება უპირებს, გახდეს მკვლელობის თანამონაწილე, ემოციურად უბრალოდ ახსენა, რომ არ შეიძლება დაპირისპირების და ესკალაციის დაშვება. დაუშვებელია, სირცხვილია, თავის მოჭრაა სახელმწიფოსთვის ამის გაკეთება. რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაა და პუტინს უგორებენ, მაგრამ არ მინდა, ამ ყველაფრის თანამონაწილე გავხდე. ეს რაღაც საშინელებაა. საუბარია გადავადებაზე და არა გაქცევაზე. ვითხოვთ, შემოიყვანონ უცხოელი ექიმები და მათ დასვან დიაგნოზი. უხერხულად გამოიყურებიან კობახიძე და სუბარი, რომლებიც დასცინიან ციხეში გამომწყვდეულ ადამიანს. ეს არც ოჯახისშვილობაში, არც კაცურად არაფერში წერია. მე რომ ოპოზიციაში ვიყავი, მაშინაც ცუდი სახალხო დამცველი იყო და ახლაც ცუდი პარლამენტარია სოზარი, ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ამ ტიპის პარლამენტარები გვყავს. გიგიმ ადამიანურად, ემოციურად თქვა, რომ ეს გამოიწვევს დიდ დაპირსპირებას და ცხადია, გამოიწვევს. შეიძლება, ეს შურისძიება არ იყოს, მაგრამ ესკალაცია რომ იქნება, ფაქტია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.