თაკო ჩარკვიანი - სულ მუნჯად და მორჩილად ვიდგები სადღაც, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი მოსამსახურე, 20 ივნისამდე დაპირისპირება უკიდურესად დიდი შეცდომაა
თაკო ჩარკვიანი - სულ მუნჯად და მორჩილად ვიდგები სადღაც, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი მოსამსახურე, 20 ივნისამდე დაპირისპირება უკიდურესად დიდი შეცდომაა

ყველანაირი, უკიდურესად დაუმსახურებელი ლანძღვაც რომ იყოს, 20 ივნისამდე ვიტან მორჩილად, რადგან მიზანია, საქართველო როგორმე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. არ ვაპირებ, ავყვე არანაირ ცრუ რიტორიკას, დღეს ყველა ერთად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ის ევროპარლმენტის რეზოლუციაში მოხვედრილი პუნქტების მიხედვით მოქმედებას აპირებს.

„კომუნიზმი ხომ არ არის ამომრჩევლს აუკრძალო პოლიტპატიმრების ხსენება. ვისაც უნდა ის ახსენოს, ლექსო ლაშქარავა იქნება თუ პოლიტპატიმრები. რა პრობლემებიც გვაქვს ის მოხვდა იმ შვიდ პუნქტში. 20 ივნისამდე დაპირისპირება უკიდურესად დიდი შეცდომაა. სულ მუნჯად და მორჩილად ვიდგები სადღაც, როგორც რიგითი მოსამსახურე ჩემი ქვეყნის. მისვლას აუცილებლად ვაპირებ, არანაირად არ ვაპირებ გულუბრყვილო ახალგაზრდა ბავშვების, შეცდომაში შეყვანილი, თუ განზრახ ვეღაცის გეგმას აყოლილი რამდენიმე ადამიანის აზრის აყოლას. არასდროს მომითხოვია სიტყვით გამოსვლა, ყოველთვის მთხოვდნენ ხოლმე, გამოვსულიყავი. სიტყვით გამოსვლა კარგი იქნება, კი ბატონო, თუ არ იქნება საჭირო, არ გამოვალ. ეს არის საქართველოისტების დღე. უგულებელყოფა იმ შვიდი პუნქტის არ შეიძლება. დაჩაგრო ადამიანები ამას ჰქვია, რომ პილიტპატიმრები გყავს და ისინი არ ახსენო. ამიტომ, შეცდომა იქნება. თუმცა, არ ვაპირებ ჩაჯინებას, პროცესი თავისთავად მოიტანს. ჩვენ ზუსტად იმიტომ ვიკრიბებით, რომ დასავლური ოჯახი გვინდა. იმ ოჯახში რაც უფრო ნაკლები კონფლიქტებით შევალთ, უფრო კარგი იქნება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.