თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე - რა მოლაპარაკებებიც იყო ჩემთან სახლში 2018 წელს, ყველაფერს უღალატა, რაც გამიკეთა, იყო საზიზღარი ღალატი
მე არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ღალატობენ ყველა ღირებულებას, თან როდესაც დავრწმუნდები, თორემ ისე არ ვაკეთებ განცხადებებს და ამ ღალატის დროს, თან უნდათ თანამონაწილე გაგხადონ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან არსებული უთანხმოების მიზეზებზე საუბრისას გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, მელიამ იმ შეთანხმებას უღალატა, რომელზეც 2018 წელს, ჩარკვიანის სახლში მოილაპარაკეს. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ დაკავების შემდეგ სხვანაირად საუბარი დაიწყო.
„ვერავინ ვერასდროს ვერ გამხდის ჭუჭყიანი სვლის თანამონაწილედ. 2018 წელს ჩემთან სახლში რა მოლაპარაკებაც იყო, ყველაფერს უღალატა, არაფერი შეინარჩუნა. ასევე დაარღვია ყველაფერი გრიგოლ ვაშაძის მიმართ, როგორ ლანძღავდა ბატონ გრიგოლს, ეთერი არ გამოუტოვებია. „ტვ პირველზე“ რომ მოვუსმინე, გაოგნებული დავრჩი, როდესაც ბატონ გრიგოლს ლანძღავდა. ჩემთან სახლში რა მოლაპარაკებაც, რა ღირებულებებზეც იყო საუბარი, ყველაფერი მან დაარღვია. საერთოდაც ვთვლი, როდესაც დააკავეს, მას შემდეგ ცოტა სხვა მდგომარეობაში დაიწყო საუბარი. არ მინდა, განვიხილო, ეს მასზე იყოს, ყველა ვერ უძლებს რაღაცებს. ყოველ შემთხვევაში, მივხვდი, რომ ეს ადამიანი საშიშია გადამწყვეტ ბრძოლაში და არ არის სანდო, მეტი არაფერი. მოვექეცი ისე, როგორც არასანდო ადამიანებს ექცევიან, ეს ჩემი თვისებაა. მე რაც გამიკეთა, ეს იყო საზიზღარი ღალატი. რა თქმა უნდა, ვითმინე პატიოსნად და მოვითმინე მხოლოდ იმიტომ, რომ ზიანი არ მიმეყენებინა იმხანად პროცესისთვის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.