მიყვარხართ, რა ლამაზი სამშობლო გვაქვს, როგორ ვერ მოვუარეთ, ხალხნო, 30 წელი ჩვენს სამშობლოს. მოვუვლით, დავიბრუნებთ, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილს უკან დახევა მოუწევს.
„ჩვენ კომუნისტების დროს, არ ვლანძღავ, ობიექტურად ვამბობ, მხოლოდ სამშობლო გვქონდა, სახელმწიფო არ გვქონდა. როგორც იქნა, ვეღირსეთ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დავიბრუნეთ და დღეს ეს ვიგინდარა ჩვენს სახელმწიფოს ეხება. ქართულ სახელმწიფოებრიობას ვერავინ წაგვართმევს. მემატიანე ერთ ადგილას წერს, ქართველნი, ახოვანნი, ტანადნი, მამაცნი. ყველა, ვინც დგას, ვინც ვერ მოვიდა, ვისაც საქართველო სტკივა და მისი გამთლიანებისთვის იბრძვის, არის ლამაზი, ახოვანი, ტანადი, თავდადებული. მეუბნებიან ხოლმე, ხშირად სტრიქონებს იხსენებო. რა ვქნა, მე სტრიქონებზე ვარ გაზრდილი, ხო, მახსენდება, სხვა საქართველო სად არის. მახსენდება, რომ მთავარი მაინც მამულია. ბიძინა ივანიშვილო, მამულს არ დაგითმობთ. პროპორციულზეც უკან დაიხევ და ვადამდელსაც დანიშნავ“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილებიდან მსვლელობით შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტებიც.
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა გარდამავალი მთავრობის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, დღეს აქცია დაგეგმილი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“.
აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.