თაკო ჩარკვიანი - მინდა, ხელები გავშალო, თქვენ გენაცვალეთ, მიყვარხართ [ვიდეო]
ჩემი საქართველო მიყვარს, ასე მინდა, ხელები გავშალო, თქვენ გენაცვალეთ, მიყვარხართ, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, დღეს ქვეყანა ფეხზეა დასაყენებელი.
„მიყვარხართ. ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე, რაღაცა წამებით აგვიანებ სიტყვის დაწყებასო, მერე ვნახე და მართლა ასეა. ახლა გეტყვით, რატომ ვაგვიანებ, რადგან ის ენერგეტიკა თქვენგან რომ მოდის, აი, ასე მინდა ხელები რომ გავშალო, თქვენ გენაცვალეთ, მიყვარხართ! მიყვარს მე ის საქართველო, ჩემი საქართველო მიყვარს. 77 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს, ვერა და ვერაფერი რომ ვერ ვქენით. ერთი სიმღერა გვაქვს, „ჩაკრულო“. საოცარი ტექსტი აქვს, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითაო. გაგრძელება აქვს ძალიან მძიმე – ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანიაო. ჩვენ იმიტომ ვდგავართ აქ, რომ ჩახტომა არ გვინდა, არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვისაც გვინდა, რომ თავს ბანი დავანგრიოთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ამასთან, ჩარკვიანმა ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტში შესაძლო შესვლაზეც ისაუბრა.
„როგორ გვაკადრებს? რისი შესვლა, რისი გამოსვლა? აბა, ვინ გამოჩნდება ის ქართველი, რომელიც იტყვის, რომ დეპუტატად, ბიძინას მონად შევდივარო? ასეთს მე არ ვიცნობ ოპოზიციაში. არა! მიხარია, რომ ერთად ვართ. მწყინს, კვლავ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ კვლავ რუსული მმართველობა გვადგას უღლად მხრებზე. დიახ, თუ რამ უბედურება გვჭირს, თუ რამ უბედურება საქართველოს დაემართა, მხოლოდ იმ ერთი ცუდი მეზობლის გამოა, რომელმაც ეს მარგალიტივით ქვეყანა ვერ შეირგო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.