თაკო ჩარკვიანი - მე მინდა, ნიკა მელია გავმიჯნო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისგან, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან იდეისთვის
ჩვენი პარტნიორი არის თითოეული მოქალაქე, ძალიან შემცდარა ნიკა მელია, თუ ერთ-ერთი პარტია ჰგონია მხოლოდ პარტნიორი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, პარტნიორი არის თითოეული ამომრჩეველი და მხარდამჭერის პროვოკატორად მოხსენიება ძალიან ცუდი ტენდენცია.
„ნიკა მელია ცდება, როცა პარტნიორი არ ჰგონია საქართველოს ყველა მოქალაქე. ჩემთვის პარტნიორი არის თითოეული ამომრჩეველი და ასე პროვოკატორად მოხსენიება ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგან იქ შეიძლება ყოფილიყვნენ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, ასევე სხვა ადამიანები. ვურჩევდი ოპოზიციის ყველა ლიდერს, რომ ცოტა ფრთხილად ისაუბრონ, როდესაც მოქალაქეებსა და აქტივისტებზე არის საუბარი. პოლიტიკოსებს ლექსიკის გამოსწორება მართებთ. სამომავლოდ ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, მე ძალიან არ მომეწონა ეს საქციელი. მე ძალიან არ მომეწონა არც ნიკას გამოსვლა. ნიკას გამოსვლა ხშირად არ მომწონს, რასაც ვერ ვიტყოდი მამუკა ხაზარაძეზე, მისგან უფრო არ ველოდებოდი, რადგან ის თითქოს უფრო ტაქტით გამოირჩევა.
პოლიტიკოსი რომ დაიწყებს ამომრჩეველთან, მოქალაქესთან გამიჯვნას, ამაზე უფრო დიდი სიბეცე არ არსებობს. ჩემთვის ეს არის არათუ შეცდომა, საერთოდაც არ მინდა მაშინ მისი დანახვა იმ ადგილას, სადაც არის, მაგრამ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს და მისი ამომრჩეველი მიუჩენს ადგილს, ვისაც ემიჯნება. დიდი ხანია, უკვე ვატყობთ ნიკას, რომ ემიჯნება და ვის ემიჯნება, ამომრჩეველს, ხალხს? ოპოზიციაში მყოფი აქტივისტი პოზიციას ზოგი ასე გამოხატავს, ზოგი ისე გამოხატავს. იმ ქალბატონს არავისთვის არ ჩაურტყამს არაფერი, პლაკატით იდგა, რაში მაინტერესებს, ვინ არის. რაში გამოიხატება პროვოკაცია, თავისი ლიდერის, უკრაინის მოქალაქის, რუსეთთან დაპირისპირებული საქართველოს პრეზიდენტის პლაკატი რომ ეჭირა ხელში? კარგად გვქონია საქმე, თუ ამომრჩევლებს ასე უნდა მოვექცეთ. ჩემთვის ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ რაღაცნაირად ნუ აიჭრებიან და დალაგდეს ეს ყველაფერი.
პირადად მე მინდა, რომ ნიკა მელია მინდა გავმიჯნო იმ საუკეთესო ამომრჩევლისგან, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ეს არის ჩემი პასუხი. მას უნდა, რომ გამიჯნოს ხალხი და მე ნიკა მელია მინდა, რომ გავმიჯნო „ნაციონალური მოძრაობის“ საუკეთესო ამომრჩევლებისა და აქტივისტებისგან, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან იდეისთვის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ნიკა მელია დღეს სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. როგორც ნიკა მელია წერს: „სამარცხვინოა, როდესაც ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი პარტიის თავმჯდომარეს, მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას“.