თაკო ჩარკვიანი - გრიგოლ ვაშაძე საუკეთესო თვისებებს წამოიღებს „ნაციონალური მოძრაობიდან“
მოწმე გავხდი იმისა, რომ 8 აგვისტოს პერიოდში, გრიგოლ ვაშაძის მხრებზე გადაირა ზუსტად იმან, რომ მთელს მსოფლიოს შეეტყო – საქართველომ კი არ დაიწყო ომი, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყანა შემოიჭრა, – ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა თელავში განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს შეხვდა.
ჩარკვიანმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.
მისივე თქმით, ვაშაძე არის რეალური, უალტერნატივო კანდიდატი.
„რატომ ამოვარჩიე გრიგოლ ვაშაძე – საქართველო უნიჭიერესია, მაგრამ ამ ბრძოლებში, რაღაცნაირად პროფესიონალიზმის რაოდენობრივად სიმწირე შეიქმნა. საქართველოში ჩვენ გვყავს მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელსაც უკვე გაჭრილი აქვს დასავლური გზა და მან ეს დაამტკიცა. ამის მოწმე გავხდი 2008 წლის 8 აგვისტოს პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად, გრიგოლ ვაშაძის მხრებზე გადაირა ზუსტად იმან, რომ მთელს მსოფლიოს შეეტყო – საქართველომ კი არ დაიწყო ომი, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყანა შემოიჭრა.
გადავხედე და თურმე კახეთში ყველაფერი იმ კაცის დროს გაკეთდა, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი ცხრა წლის განმავლობაში. გარდამტეხი მაშინ იყო სანდრო გირგვლიანის თემა. მაშინ გვერდით ვედექი ირინა ენუქიძეს და რა მოხდა, მე მაშინ ვიცავდი შვილმკვდარ დედას, დღეს ვიცავ შვილმკვდარ მამებს“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე საუკეთესო თვისებებს წამოიღებს „ნაციონალური მოძრაობიდან“.
„გრიგოლ ვაშაძეს დიდი ხანია ვიცნობ და მას ვენდობი, როგორც პიროვნებას. ჩვენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამოვარჩიეთ ის პიროვნება, რომელიც საუკეთესო თვისებებს წამოიღებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ეს იყო მაღალი პროფესიონალიზმი, სახელმწიფო ინსტიტუციების შექმნა, კულტურის პატივისცემა, პატივისცემა თაობების და ამის დასტური ვარ, რადგან მან ცხრაწლიანი პერიოდის დროს, სრულიად ინდივიდუალურად გადაწყვიტა და ქართველ მწერლებს წართმეული მწერალთა სახლი დაუბრუნა“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.