თაკო ჩარკვიანი - გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და უხერხულ ფორმას იღებს პიროვნულად, კაცურად, დღეს აკრიტიკებდეს „ნაციონალურ მოძრაობას“
თაკო ჩარკვიანი - გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და უხერხულ ფორმას იღებს პიროვნულად, კაცურად, დღეს აკრიტიკებდეს „ნაციონალურ მოძრაობას“

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანების, „ძალა ერთობაშიას“ წევრი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ არ ენდობა.

როგორც მან აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ ჰქონდა გაფორმებული შეთანხმება, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაერთიანებულ ოპოზიციას მათგან ლანძღვის მეტი არაფერი მიუღია.

„მათ ჰგონიათ, რაღაც ინდულგენცია გვაქვს გაერთიანებაში. 12 პარტია ვართ და მე მაქვს ჩემი აზრი. ასეთ წარმატებულ პროექტს ძირი არასოდეს უნდა გამოუთხარო, რასაც ვხედავ, რომ ძალიან დიდი ხანია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აკეთებენ. მათი განცხადებებიდან გამოვდივარ, ყოველთვის, იქნებოდა ეს ოთო კახიძე თუ თამარ ჩერგოლეიშვილი. მაგალითად, გიგა ბოკერია იყო მიხეილ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრაქტიკულად იდეოლოგი და უხერხულია, დღეს გამოდიოდეს და აკრიტიკებდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. სასაცილოა ეს ყველაფერი. უხერხულ ფორმას იღებს პიროვნულად, კაცურად“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, მემორანდუმი მემორანდუმისთვის ვერ იქნება და აუცილებელია ნდობა მისი ინიციატორისადმი.

„რა სანდოობით სარგებლობს „ევროპული საქართველო“? მათ ჰქონდათ გაფორმებული მემორანდუმის მაგვარი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ლანძღვის მეტი გაერთიანებულ ოპოზიციას მათგან არაფერი მიუღია. როგორ გავაკონტროლოთ ჩვენ მაგალითად, სერგი კაპანაძე და ბოკერია რომ მოაწერენ ხელს მემორანდუმს, როდის გაიქცევიან „ოცნებასთან “შესაკრავად? განა მემორანდუმის არსებობის არ მჯერა, „ევროპულ საქართველოს“ არ ვენდობი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანი ამბობს, რომ აღნიშნული პარტია პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით მოხვდა.

„მათ საკუთარ განაკვეთს უღალატეს და „ნაციონალების ხმებით“ მოხვდნენ პარლამენტში, რატომ უნდა ვენდო? პოლიტიკური გარიგება არის ყოველთვის, როცა გაჭირვების ჟამს ზუსტად მწვავე ოპონენტის, პოლიტიკური მტრის წისქვილზე ასხამ წყალს და ერთი-ერთში მის სასარგებლოდ განცხადებას აკეთებს“, – აღნიშნა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა.

ჩარკვიანის შეფასებით, ამ ხნის განმავლობაში „ევროპული საქართველო“ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

„20 ივნისი იყო, ჩერგოლეიშვილის სტატუსები იყო წარმოუდგენელი. პირდაპირ ხელს ადებდა, რომ პროვოკაცია მოაწყო, შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს ცალკე, გაერთიანებული ოპოზიციის ცალკე და ხალხს ცალკე. ცოტა უნდა დაფიქრდნენ დროულად. მემორანდუმის არსებობას კი არ ვეწინააღმდეგები, „ევროპელების“ არ მჯერა, ვგულისხმობ „ევროქოცებს“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნული შეთავაზების შეფასებისას გუშინ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ კი დღეს განაცხადა, რომ მათი პარტიის მისამართით თაკო ჩარკვიანმა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო. ამასთან, „ევროპულმა საქართველომ“  რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას „ძალა ერთობაშიას“ მიმართა, ჩარკვიანის განცხადებაზე თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ჩარკვიანის პარტია  „ძალა ერთობაშიას“ წევრია. „ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნეს, რომ თაკო ჩარკვიანის განცხადებას არ იზიარებენ.