„ნაციონალურ მოძრაობაში” თაკო ჩარკვიანის განცხადებას არ იზიარებენ
„ნაციონალურ მოძრაობაში” თაკო ჩარკვიანის განცხადებას არ იზიარებენ

„ნაციონალურ მოძრაობაში” „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას არ იზიარებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავადაც მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს,  ,,ევროპული საქართველოს” შეთავაზება მიიღონ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ ისინი ,,ქართულ ოცნებას” 2020 წელს კოალიციას არ შეუქმნიან.

რომან გოცირიძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველას თავის მოსაზრება აქვს.

„ის, რომ ყველა პარტიამ გამოხატოს საკუთარი აზრი, რომ მომავალ არჩევნებში არ შეუქმნის უმრავლესობას „ქართულ ოცნებას“,  არის ძალიან სერიოზული განცხადება. დიდი ხანია, ამის შესახებ საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე ზოგიერთი სხვა პარტიაც და მისასალმებელია, რომ ,,ევროპული საქართველო” იზიარებს ამ იდეას.  სპეციალური განცხადებაც გააკეთეს ამის თაობაზე. ის ემსახურება ივანიშვილის ერთმმართველობის დემონტაჟს და ემსახურება მრავალპარტიული კოალიციის შექმნას, რომელიც საქართველოს გაიყვანს ევროპული და დემოკრატიული განვითარების გზაზე. წინასწარ ასეთი შეთანხმება არის აუცილებელი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს „ოცნების“ წარუმატებელი მმართველობა“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, მისი განმარტებით გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“  არის ათზე მეტი პარტია, რომელთაც აქვთ საკუთარი მოსაზრებები.

„ჩვენ ყველა განსხვავებული შეხედულების კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენი პოზიცია არის დადებითი, რომელსაც ჰქვია შეთანხმება სამომავლოდ დიდი დემოკრატიული კოალიციის შექმნის შესახებ და განცხადება იმაზე, რომ არ იქნებიან კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან”. ან „ქართული ოცნება“ და პირდაპირ რუსული ძალა ,,პატრიოტთა ალიანსი” იქნებიან ერთად ან გაერთიანებული დიდი ოპოზიცია, რომელიც შექმნის მთავრობას და საქართველოში დაამთავრებს ამ უზურპატორული ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნული შეთავაზების შეფასებისას განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ მათი პარტიის მისამართით თაკო ჩარკვიანმა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო. ამასთან, „ევროპულმა საქართველომ“  რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას „ძალა ერთობაშიას“ მიმართა, ჩარკვიანის განცხადებაზე თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ჩარკვიანის პარტია  „ძალა ერთობაშიას“ წევრია.