სერგი კაპანაძე - თაკო ჩარკვიანმა „ევროპული საქართველოს“ მისამართით ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო
სერგი კაპანაძე - თაკო ჩარკვიანმა „ევროპული საქართველოს“ მისამართით ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო

თაკო ჩარკვიანმა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო „ევროპული საქართველოს“ მისამართით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ჩარკვიანმა ოპოზიციური პარტიებისადმი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება შეაფასა.

ჩარკვიანის განცხადების ფონზე, „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

დეპუტატის თქმით, არასწორია ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთერთობა ტალახის სროლის კამპანიის პირობებში წარიმართოს, რაც, როგორც კაპანაძე ამბობს, ჩარკვიანის მხრიდან ბოლო პერიოდში რამდენჯერმე უკვე დაფიქსირდა.

„თაკო ჩარკვიანმა საკმაოდ ნეგატიური შეფასება გააკეთა, არა შინაარსის მიმართ, თუმცა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო „ევროპული საქართველოს“ მისამართით. არ მიგვაჩნია სწორად, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები იყოს ცილისწამების, ტალახის სროლის კამპანიის პირობებში, რაც არაერთხელ მოხდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ჩარკვიანის მხრიდან. ჩვენი მოწოდება იქნება „ძალა ერთობაშიას“ მიმართ, გააკეთონ შეფასება ამ განცხადებაზე – აპირებენ, რომ ამ სტილში, „ასავალ-დასავალისა“ და სიბინძურის სტილში გააგრძონ ურთიერთობა თუ ემიჯნებიან ამ განცხადებას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნული შეთავაზების შეფასებისას განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.