თაკო ჩარკვიანი - ძალიან შევაწუხებთ ხელისუფლებას, მივიყვანთ იმ ზომამდე, რომ დატოვოს დამოუკიდებელი საქართველო, რომლის რუსეთზე გადაბარება სურს
დაკავებას უპირებენ ნიკა მელიას, რომელმაც ერთხელ უკვე გადაიხადა გირაო და გააპროტესტა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შეურაცხყოფა, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის შურისძიება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც აპროტესტებდა გავრილოვის შემოყვანას.
„ასეთი შეურაცხყოფილი მე პირადად არასდროს ვყოფილვარ, როგორიც 20 ივნისს ვიყავი, აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ ნაომარი, როცა საკანონმდებლო ორგანოს პირველ სავარძელში ვიხილეთ და ეს გავაპროტესტეთ, ყველა ის ადამიანი დააწინაურეს, ვინც ახალგაზრდებს თვალები დათხარა; ვგულისხმობ – კობახიძე-გახარიას და დაკავებას უპირებენ იმ ადამიანს, ვინც ერთხელ უკვე გირაო გადაიხადა და გააპროტესტა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს გახლავთ ნიკა მელია, ეს არის პარადოქსი და საშიში პროცესი – კრებითი ნიკა მელია. ეს არის შურისძიება ყველა იმ ხალხის მიმართ, ვინც ვაპროტესტებდით გავრილოვის შემოყვანას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩარკვიანის თქმით, იქნება პროტესტი და აქციები.
„სხვა გზას არ გვიტოვებენ. რუსული მართვის ქვეყანაში არც პროკურატურაა ხალხის და არც სასამართლო. შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს გავრილოვი. გუშინ გავრილოვმა მოსთხოვა ხელისუფლებას, რომ კარგიაო, სჯით მელიასო. ამით საქართველო ნიშანს აძლევს რუსეთს, რომ შეძლებს მომავალში საკანონმდებლო ორგანოს სხდომების წაყვანასო. ესაა აქ საშიში პროცესი. ისღა დაგვრჩა, ხელისუფლებამ, რომელმაც ანტისახელმწიფოებრივი კანონი დაარღვია, ვუპასუხოთ ჯანყით, ჩვენ გვაქვს უფლება დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და ხელისუფლება გავუშვათ. ნებისმიერ ქვეყანაში ოკუპანტთან გარიგებული ხელისუფლება, რომელიც მტრის ბრძანებას ასრულებს, ხალხმა უნდა გაუშვას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში, იქნება „პატარ-პატარა აქციები, პიკეტირებები“.
„შევაწუხებთ ძალიან ამ ხელისუფლებას და მივიყვანთ იმ ზომამდე, რომ დატოვოს დამოუკიდებელი საქართველო, რომლის გადაბარება სურს რუსეთზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.